მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიუთითებს მათ, რა თანამდებობაზე დანიშნავენ ან არ დანიშნავენ თავის მოქალაქეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიუთითებს მათ, რა თანამდებობაზე დანიშნავენ ან არ დანიშნავენ თავის მოქალაქეს.

კულებამ სააკაშვილის საკითხზე კომენტარი უკრაინულ გამოცემა lb.ua-სთან გააკეთა.

“ვისაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. სააკაშვილის საკითხზე. ძალიან მშვიდი, მოზომილი საუბარი გვქონდა. მან თავისი მთავრობის პოზიცია გამაცნო.

ჩვენ ძალიან მარტივი თეზისებიდან გამოვდივართ. პირველია – ურთიერთობა საქართველოსა და უკრაინას შორის, რომელიც განსაკუთრებულია და ამიტომ მას ერთი ადამიანის მძევლად ვერ ვაქცევთ. მეორე – ჩვენ გვესმის საქართველოს შიდაპოლიტიკური კონტექსტი და მასში არ ვერევით, მაგრამ ჩვენთვის ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვერც ერთი სახელმწიფო მსოფლიოში ვერ მიგვითითებს, სად დავნიშნოთ ან არ დავნიშნოთ ჩვენი მოქალაქე.

მიხეილ სააკაშვილი, მთელი თავისი ქარიზმით, არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც ადრეც იკავებდა თანამდებობას. ამიტომ, მე, ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ნამდვილად მეგობრული და სტრატეგიული დარჩეს. თუ ჩვენი ქართველი პარტნიორების მხრიდან მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმება, გადავიტანთ, და შემდეგ ვეცდებით, აღვადგინოთ ის, რასაც დაგვარკავთ”, – თქვა მან.

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში სააკაშვილის ჯერ ვიცე პრემიერად, შემდეგ კი მრჩევლად დანიშვნის შესახებ საუბარი დაიწყო, ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ ამან შესაძლოა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვა განაპირობოს.

სააკაშვილის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

banner
წინა სტატიაშიკოვიდ-19“- ის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს ნაბიჯები დროული, პროაქტიული და სავალუტო ფონდის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იყო
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: 120/30-ზე ჩვენი მხრიდან არის სრული მზადყოფნა და მობილიზება