კოვიდ-19“- ის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს ნაბიჯები დროული, პროაქტიული და სავალუტო ფონდის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იყო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გონივრული მიდგომით შეინარჩუნა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და გაცვლითი კურსის მოქნილობა, – ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშში, რომელიც გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.
ანგარიშის აღნიშნულ ნაწილთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის ნაბიჯებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ინფლაციის მოლოდინების შესაბამისად უნდა წარიმართოს.
„მონეტარული პოლიტიკა უნდა დარჩეს მოქნილი და ეფუძნებოდეს ინფლაციის ტენდენციებს. მნიშვნელოვანია გაცვლითი კურსის მოქნილობა, რადგან იგი შოკის მშთანქმელ როლს ასრულებს. თუმცა, ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევები, შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველიც კი იყოს. სწორედ ამიტომ, ადეკვატური ლიკვიდობის დონის უზრუნველყოფა და კაპიტალური ბუფერების გამოთავისუფლება ფინანსური სტაბილურობის გარანტია”, – აღნიშნულია ანგარიშში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ეროვნული ბანკის მოკლევადიანი ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკა ხელს შეუწყობს პანდემიის გავლენის შემცირებას, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ბანკების გამძლეობის გაზრდას ისახავს მიზნად. „სწორედ ეროვნული ბანკის მიერ შოკამდე გადადგმული ნაბიჯების გამო, კომერციული ბანკები მყარი ფინანსური მაჩვენებლებით შეხვდნენ „კოვიდ-19“- ის პანდემიას. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის მიერ მიღებულმა მაკროპრუდენციულმა ზომებმა ხელი შეუწყო არაფინანსური სექტორის მოწყვლადობის შემცირებას, როგორიცაა სესხების დოლარიზაციისა და შინამეურნეობის ჭარბვალიანობის შემცირება”.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს დოლარიზაციაზე, როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვან სტრუქტურულ რისკზე და საშუალოვადიან პერიოდში სესხების ლარიზაციის ხელშეწყობაზე მიუთითებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ კრიზისის შემდგომ აუცილებელია, შემუშავდეს ყოვლისმომცველი სტრატეგია, რათა იმ მსესხებლებმა, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხები აღარ აიღონ. ასევე, უნდა გაიზარდოს დეპოზიტართა ნდობა ლარით დასაზოგად.
„კოვიდ-19“- ის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს ნაბიჯები დროული, პროაქტიული და სავალუტო ფონდის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იყო”, – აცხადებს ფონდი და აღნიშნავს, რომ საქართველოს შედეგები გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის ფარგლებში კარგად ფასდება, თუმცა ამ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და „კოვიდ-19“- ის პანდემიამ მყისიერი დაფინანსების საჭიროება შექმნა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს „კოვიდ-19-“ის პანდემიის გამო გამოყოფილი ფინანსური პაკეტიდან პირველი ტრანში 201.3 მლნ აშშ დოლარი უკვე ჩაურიცხა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: პირადად ანტონიო ფაუჩის ინსტიტუტში მუშაობს ლელა ქარდავა და ამჯერად covid-ზე მუშაობს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიუთითებს მათ, რა თანამდებობაზე დანიშნავენ ან არ დანიშნავენ თავის მოქალაქეს