მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ხ.ნ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბოლნისის რაიონში, ხ.ნ.-მ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს ე.გ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში თექვსმეტი ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ე.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ხ.ნ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ხ.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაში„წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ მოსახლეობას არ ვუმალავთ, რა მოხდა“
შემდეგი სტატიამოსწავლე სადისტური დაზიანებებით შემოვიდა-მიმდინარეობს ბრძოლა გადასარჩენად-საავადმყოფოს დირექტორი