მერაბიშვილი: მე არ მომინდება პრემიერობა და არ დავბრუნდები არც ერთი მინისტრის პოსტზე

“ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება შემოდგომაზე არჩევნების გზით, ყველაფერი ჩაივლის ძალიან წყნარად, ქართველ ხალხს აქვს გადაწყვეტილება მიღებული”-აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

ვანო მერაბიშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს 2012 წელს რამდენიმე თვით იკავებდა, ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრობა არ მოსწონდა და უფრო კონკრეტული საქმეების კეთება იზიდავდა.

„მომწონდა, როცა ვიყავი უშიშროების საბჭოს მდივანი და ვხელმძღვანელობდი აჭარის ასლან აბაშიძისგან გათავისუფლების ოპერაციას, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი და ვატარებდი პოლიციის რეფორმას, ვებრძოდი კრიმინალს“, – განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ რომელიმე თანამდებობაზე დაბრუნებას აღარ აპირებს.

„მე უკვე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, უმაღლესი თანამდებობის პირი საქართველოში, მე არ მომინდება პრემიერობა, რადგან უკვე ვიყავი პრემიერი, შეუძლებელია, დავბრუნდე რომელიმე მინისტრის თანამდებობაზე.

ჩვენ, საზოგადოებას ძალიან მცდარი წარმოდგენა გვაქვს, რომ მინისტრობა და ადმინისტრაციული თანამდებობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობები. თანამედროვე ევროპულ ცივილიზაციურ სახელმწიფოებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხშირად უფრო დიდ როლს თამაშობენ, ვიდრე კონკრეტული პოლიტიკოსები. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ მარტო მთავრობა არ აკეთებს საქმეს – სხვადასხვა ვალდებულება ნაწილდება საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელზე.

მე ვიქნები პოლიტიკურად აქტიური, ვიმუშავებ, რომ ჩამოყალიბდეს პოლიტიკა, იგივე სამთავრობო პოლიტიკა და ა.შ. იმდენი საქმეა გასაკეთებელი, რომ მერწმუნეთ, ჩემთვის გასაკეთებელი საქმე ყოველთვის მოიძებნება“, – აღნიშნა ვანო მერაბშვილმა „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი – ჩვენ საქართველოსა და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილი: გაკვირვებული და შეურაცხყოფილი ვარ ციხის საკნიდან გაყვანით