მეოთხე ათწლეული დაიწყო, ისევ რუსთაველზე გვიწევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვა

მეოთხე ათწლეული დაიწყო, ისევ რუსთაველზე გვიწევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვა, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რაც უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, ვერასდროს დაადასტურებს იმას, რომ შარშანდელი პროცესები იყო პოლიტიკური პარტაქტივით მართული პროცესი.

„სამწუხაროა, ერთი მხრივ, რომ მეოთხე ათწლეული დაიწყო, ისევ რუსთაველზე გვიწევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვა და ეს ბრძოლა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ გაჩერდება, არ დამთავრდება, რადგან ეს არის მუდმივი და განგრძობადი პროცესი.

შარშან აქ ერთი პოზიტიური მხარე ჰქონდა იმ ტრაგიკულ მოვლენებს, დაიბადა ახალი მებრძოლი თაობა, რომელმაც წინა თაობებისგან გადაიბარა ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის დროშა და დარწმუნებული ვარ, მათ უკვე საკუთარი ხელებით მოიპოვეს ის გამარჯვება, რომელიც პროპორციულ არჩევნებს შეეხებოდა, რომელიც მერე უკან წაიღეს, მაგრამ მაინც მოუწევთ უკან დაბრუნება და ამ გამარჯვებებს ეს თაობა გააგრძელებს ეს თაობა კიდევ უფრო დიდ ხანს.

რაც უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, ვერასდროს ვერ დაადასტურებს იმას, რომ შარშანდელი პროცესები იყო პოლიტიკური პარტაქტივით მართული პროცესი. ეს იყო რიგითი ადამიანების პროტესტი. თუნდაც იმ სისხლის სამართლის საქმეებში, რომელიც ხელისუფლებამ თვითონ გამოიძია, ვერ დაადასტურეს თუნდაც იმ ბრალდებული ადამიანების ერთმანეთთან კავშირი, თუნდაც ჩემთან კავშირი, ნიკა მელიასთან კავშირი, რადგან ყველა იყო აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოსული ამ პროცესში. ხელისუფლებას თუ აქვს სურვილი, საკუთარი იმიჯის რეაბილიტაცია მოახდინოს, რომელიც შეელახა, არჩევნები მოდის და მით უმეტეს, გაიუმჯობესოს თავისი რეიტინგი. უნდა აღიაროს დროზე საკუთარი შეცდომა, რომ ჩაიდინა დანაშაული საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულის სტატუსი გაცილებით მეტ ადამიანს უნდა მიანიჭოს, უნდა დასაჯოს ის თანამდებობის პირები, რომლებმაც პირდაპირ გასცეს ბრძანება იარაღის გამოყენებაზე და ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, პროტესტი იყო სპონტანური და გამოიწვია „გარკვეული სამართალდამცავების თავხედურმა ქმედებებმა“.

„იქიდან იყო წყლის გადმოსხმა, ბოთლების სროლა და ა.შ. ამის გამო აღშფოთდნენ ადამიანები, თორემ თქვენ აკვირდებოდით, ალბათ, საათების განმავლობაში ჩვეულებრივად, მშვიდად მიდიოდა პროცესი. პირადად მე 20 ივნისს დილით აქ არ უნდა ვყოფილიყავი, მივფრინავდი საზღვარგარეთ. სრულიად შემთხვევით მოვხვდი, მაგრამ პროცესი გამოიწვია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საზოგადოების ზურგსუკან მართული პროცესის შედეგად გავრილოვის ჩამოყვანამ. ეს ყველაფერი ჩვენი მხრიდან არ იყო ორგანიზებული, მათი მხრიდან იყო.

პროტესტი რაც იყო, ეს იყო სრულიად ლეგიტიმური პროცესი, რომელიც არ გასცდენია კანონის ჩარჩოებს. ადამიანი შეიძლება, საკუთარ თავს იცავდეს. ვიღაცამ შეიძლება, უკანონო ბრძანება მიიღო და ამ უკანონო ბრძანებას ასრულებდა, ამ ბრძანების შესრულების შედეგად, ადამიანმა შეიძლება, საკუთარი თავი დაიცვა. როდესაც გირტყამენ და გესვრიან, თავი უნდა დაიცვა, ბუნებრივია.

ჩემთან მიმართებაშიც კი, ის სამარცხვინო განაჩენი, რომელიც დააყენა ივანიშვილის სასამართლომ, იქაც კი ვერაფერი ისეთი ვერ დაასაბუთეს, რომელიც მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი იქნებოდა საზოგადოებისთვის. თუნდაც მათი მომხრეებისთვის. ვინმე გინახავთ დასჯილი? პოლიციის ქმედებები კანონის ფარგლებიდან იყო გასული. დილის ექვსის ნახევარზე მე ვიყავი ფილარმონიასთან, შემდეგ ნახევარ საათში გადავინაცვლე უნივერსიტეტთან. მოსდევდნენ ახალგაზრდებს, ქუჩა-ქუჩა, სადარბაზო-სადარბაზო და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ. ეს ვისი ბრძანების შედეგი იყო? ხელისუფლების რა თქმა უნდა, რადგან პოლიციელი ამას დომოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისთან დაკავშირებული აქცია მიმდინარეობს. აქცია სახელწოდებით, „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „გაბედეს“ ორგანიზებით იმართება.

banner
წინა სტატიაში20 ივნისი არის „ქართული ოცნების“ სირცხვილის დღე
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – ამომრჩეველი ყველაზე მეტად ელოდება ახალ ძალას და ვაწარმოებ პოლიტიკურ ველზე მოლაპარაკებებს, რომ ასეთი პლატფორმა შეიქმნას