მელია: ქალბატონმა ზურაბიშვილმა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ თქვა, მან აღიარა, რომ ქვეყანაში არის კრიზისი

„ქალბატონმა ზურაბიშვილმა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ თქვა, მან აღიარა, რომ ქვეყანაში არის კრიზისი“, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ფორმულას“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.

მელიას თქმით, ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებაზე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ ქვეყანა მრავალმხრივი კრიზისია.

„პირადად მივიღეთ ქალბატონი ზურაბიშვილის წარმომადგენლისგან მოწვევა და მას მადლობა გადავუხადე. დღევანდელი შეხვედრა პრაქტიკულად გამორიცხავდა რაიმე ტიპის დიალოგს. ქალბატონმა ზურაბიშვილმა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ თქვა, მან აღიარა, რომ ქვეყანაში არის კრიზისი.

როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილი ამ ყველაფერზე აქტიურ საუბარს იწყებს და ვფიქრობ, რომ მას ამაზე ნაფიქრი აქვს, ერთ და ორ დღეში ეს გადაწყვეტილება არ მიუღია, თამამად შემიძლია დავასკვნა, რომ მან უბრალოდ დაინახა, რომ ქვეყანაში რეალურად არის კრიზისი პოლიტიკური და არამხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური, ეპიდემიოლოგიური და ასე შემდეგ.

მივესალმები ქალბატონი ზურაბიშვილის ამ პოზიციას, როდესაც აღიარებს, რომ კრიზისია. რაც შეეხება პოლარიზაციის ხარისხს, ეს შესამცირებელია წლების განმავლობაში. ვფიქრობ ამ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში რომ დაეფიქსირებინა მსგავსი პოზიცია ან სურვილი გამოეხატა, კიდევ უფრო მისასალმებელი იქნებოდა. ეს არ მინდა ისე გაიგონ, რომ ვაკრიტიკებ, არავითარ შემთხვევაში.

თავისთავად იდეა ეროვნულ თანხმობაზე, არის არაჩვეულებრივი, მაგრამ მხოლოდ ამ დონეზე ხომ არ უნდა შეჩერდეს ეს პროცესი? მესმის, რომ საზოგადოებაში ამ პროცესისადმი უნდობლობა არსებობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს იყო პოლიტიკური ლიდერი და არ გააკეთო ის, რაც შენს ამომრჩეველს და საზოგადოებას სჭირდება“, – აცხადებს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ზურაბიშვილის გამოსვლაზე: პირველად მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან ძალიან ზუსტი დახასიათება
შემდეგი სტატიაპარლამენტში დღეს რატი ბრეგაძეს მოუსმენენ