მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 9, 2020 13:57

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

10-პუქტიანი მემორადუმი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.

მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაში შედგა. ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები ესწრებოდნენ.

დოკუმენტის თანახმად, სამომავლოდ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამეცნიერო დისკუსიებს, სიმპოზიუმებს და კონფერენციებს ერთობლივად გამართავს. გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები საქართველოს მთავრობას ერთობლივ წინადადებებს წარუდგენენ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, ფუნდამეტური თუ გამოყენებითი სამეცნიერო თემებისა და პროექტების გამოსავლენად, რომელსაც „ეროვნული აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრემია“ მიენიჭება.

დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

„ქვეყნისათვის საჭირო და აუცილებელია მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაღრმავებთ ურთიერთობებს და ერთობლივად ვიმუშავებთ საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწისა და სრულყოფისათვის“, – განაცხადა გიორგი კვესიტაძემ.

თავის მხრივ, მემორანდუმის მნიშვნელობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ შეაფასა. როგორც რექტორმა აღნიშნა, მემორანდუმი მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

„ჩვენ ერთად უნდა გადავლახოთ პანდემიით გამოწვეული სირთულეები, რაც განათლების სისტემასა და მეცნიერების ყველა დარგს შეეხო. სწავლა, კვლევა და მეცნიერება ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ მიერ აღზრდილმა ახალმა თაობამ უნდა გააგრძელოს ის მნიშვნელოვანი გზა, რაც მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გაკვალა. მემორანდუმი პირველი წინგადადგმული ნაბიჯია შორსმიმავალი პერსპექტივისკენ, რითაც ეროვნულ აკადემიასა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა უფრო მეტად გაღრმავდება. ეს მოვლენა ორმაგად სასიხარულო და საამაყოა ჩვენთვის იმ ფონზე, როცა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მორიგ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების CARYS საგრანტო პროგრამაში, გამარჯვებული პროექტების რაოდენობით, ლიდერის პოზიცია დაიკავა“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

ღონისძიების დასასრულ, მხარეების გადაწყვეტილებით, მემორანდუმის ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა უახლოეს დღეებში დაიგეგმა.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, იმ მეცნიერებს, რომლებიც სამომავლოდ, „ეროვნული აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრემიას“ მოიპოვებენ, ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და ფულადი პრემია გადაეცემათ. რაც შეეხება ქართველი მკვლევრების სამეცნიერო ნაშრომებს, მაღალრეიტინგულ გამოცემებში მათ გამოქვეყნებაზე ორივე ინსტიტუცია ერთობლივად იზრუნებს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 9, 2020 13:57

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics