„მე ზურაბიშვილს ვურჩევდი ნახოს ფილმი „სათამაშო“, სადაც პიერ რიშარის გმირის როლში ის საკუთარ თავს ამოიცნობს“-აცხადებს გია ხუროშვილი

ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ განსაკუთრებულად ვაკვირდები და მაინტერესებს, რას აკეთებს–სალომე ზურაბიშვილი

ივანიშვილის მთავრობას უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტებს შორის ბევრი მომხრე არ ჰყავს. ამას ადასტურებს თუნდაც 2018 წლის, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, სადაც ივანიშვილის ფავორიტმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე მიიღო. ივანიშვილის ფავორიტ სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის ფავორიტ გრიგოლ ვაშაძესთან მოუწევს შებრძოლება. ბატონი ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის საერთო მხარდაჭერრითაც სარგებლობს.

იმის გასარკვევად თუ რას ფიქრობენ ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ჩვენ სააკაშვილის მთავრობის ყოფილ წევრს გია ხუროშვილს დავუკავშირდით. ჩვენ მას ვკითხეთ, თუ რას ფიქრობდა ის ყოფილი თანაგუნდელის, და როგორც ამბობენ მისი ყოფილი მეგობრის სალომე ზურაბიშვილის შესახებ და ვინ იქნება მისი რჩეული: ვაშაძე თუ ზურაბიშვილი? შეგახსენებთ, რომ გია ხუროშვილი 2014 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა ემიგრაციაში ცხოვრების დროსაც აქტიურად აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.

ბატონო გია, როგორც ვიცით სალომე ზურაბიშვილი თქვენი მეგობარია, დაუჭერთ თუ არა პრეზიდენტის პოსტზე მხარს მის კანდიდატურას, თუნდაც იმიტომ რომ ის თქვენი მეგობარია?

ზურაბიშვილთან მე წარსულში მართლაც ვმეგობრობდი და მას კარგად ვიცნობ. მაგრამ მე მას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარს არ დავუჭერ. მე მიმაჩნია, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა გამოიყენა ზურაბიშვილის ამბიციურობა, მისი პირადი წყენა მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ზურაბიშვილი ჩაერთო საქართველოსათვის სახიფათო გეო-პოლიტიკურ თამაშებში.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის დამოუკიდებელი კანდიდატია, არ გჯერათ მისი დამოუკიდებლობა?

​თავიდანვე ნათელი იყო, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი ვერ იქნებოდა, თუმცა პირველი ტურამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და თავად ზურაბიშვილი საგულდაგულოდ მალავდნენ პოლიტიკურ თანამშრომლობას. დღეს რაც ხდება ეს არის სამარცხვინო ამბავი. ზურაბიშვილმა ფრანგული ენა კარგად იცის და მას ვურჩევდი ნახოს ფილმი სათამაშო, სადაც პიერ რიშარის გმირის როლში ის საკუთარ თავს ამოიცნობს. ივანიშვილმა ბილბორდებიდან ჩამოხსნა ზურაბიშვილის ფოტოები და საკუთარი ფოტოები ჩამოკიდა. ბილბოდრს კი აწერია მხარი დაუჭირეთ სალომე ზურაბიშვილს. ეს ყველაფერი ადასტურებს, იმას, რომ ზურაბიშვილი არ იქნება ქართველი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. მას ივანიშვილი დანიშნავს და ის იქნება მილიარდელის „სათამაშო თოჯინა“ . მე ვფიქრობ, რომ თუკი ზურაბიშვილი არჩევნებში წაგებას არ აღიარებს და გაყალბებას დათანხმდება, ეს იქნება მისი მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერის სამარცხვინო დასასრული.

​თქვენ თვლით, რომ ოპოზიციის ბრძოლას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებისათვის აზრი არ აქვს?

​მე ასე არ ვთვლი. მე მიმაჩნია, რომ ოპოზიციის ლიდერებმა და ამომრჩევლებმაც განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ოპლიგარქს არ უნდა მისცენ კიდევ ერთი არჩევნების გაყალბების საშუალება. „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები ადასტურებენ იმას, რომ ისინი დიდი გაყალბებისათვის ემზადებიან. ივანიშვილის თანაგუნდელები მზად არიან სამოქალაქო ომიც კი წამოიწყონ, თუკი არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიცის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს. ეს უკვე არის შემაშფოთებელი სიგნალი. თუმცა რატომღაც მგონია, რომ ოპოზიცია სათანადოდ ვერ აფასებს ამ საფთხეს და არც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხდება შესაბამისი რეაგირება. ყოველ შემთხვევაში ამერიკიდან ეს პროცესი ასე ჩანს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ოპოზიციამ უნდა დაიცვას ხალხის ხმები და ეს ბრძოლა უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად და არა მხოლოდ არჩევნების დღეს. არჩევნების გაყალბების შემდეგ, ოპოზიციას გაუჭირდება ოლიგარქის დამარცხება და იმის დამტკიცება, რომ ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა.

რას აკეთებთ პირადად თქვენ იმისათვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს?

მე დღეს არ ვარ საჯარო მოხელე, მე ვარ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა მაიძულა, რომ დამეტოვებინა საქართველო. თუმცა ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა ერთი დღე, როდესაც მე არ ვფიქრობ ჩემი ქვეყნის მომავალზე.

და თქვენი აზრით ფიქრი საკმარისია ივანიშვილის დასამარცხებლად?

მე არ მითქვამს, რომ ფიქრი საკმარისია. მე, ჩემი დატვირტული რეჟიმის მიუხედავად აქტიურად ვარ ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში. არჩევნების პერიოდში მობილიზაციას ვუკეთებ ჩვენს ამომრჩევლებს. თუ დააკვირდებით, ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის ემიგრანტი დადგა საკონსულო აღრიცხვაზე, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. მე და ჩემმა მეგობრებმა დიდი შრომა გავწიეთ იმისათვის. სოციალური მედიის მეშვეობით და პირადადაც ვეხმარებოდი ემიგრანტებს საკონსულო რეგისტრაციის გავლაში. გარდა ამისა, ჩვენ, ქართველი ემიგრანტები აქტიურად ვართ ჩართული ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. უშუალოდ მე დავაორგანიზე არაერთი საპროტესტო აქცია ივანიშვილის კრიმინალური და რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ, როდესაც ის უხეშად არღვევდა სიტყვის თავისუფლებას, სასტიკად უსწორდებოდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს და ა.შ. ასეთი ბევრი მაგალითის მოტანა შემიძლია.

და მაინც რა არის ის პოლიტიკური რეცეპტი, რომელიც გამორიცხავს არჩევნების გაყალბებას და ოპოზიციის საერთო კანდიდატს დაეხმარება რომ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი?

მთავარი რეცეპტი არის ქართველი ხალხის ნება და მათი პრინციპული და თანმიმდევრული მოქმედებები. ოპოზიციის ლიდერებმა რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვონ „ქართული ოცნების“ ლიდერების და მათი მხარდამჭერების მხრიდან ამომრცეველზე განხორციელებული ძალადობისა თუ მოსყიდვის არცერთი ფაქტი. მათ შორის საქართველოში აკრედიტირებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა, უნდა აიძულონ ივანიშვილის მთავრობის წევრები, რომ პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას და შეწყვიტონ ძალადობა ოპოზიციის წევრებზე. პოლიტიკოსებმა უარი უნდა თქვან სიძულვილის ენის გამოყენებაზე და ისეთი განცხადებების გაკეთებაზე, რომელიც გამოიწვევს ქართული საზოგადოების დაპირისპირებას.

თქვენი აზრით, ეს ყველაფერი რამდენად განხორციელებადია, დღევანდელი მთავრობის ხელში?

ჩემი აზრით ყველაფერი განხორციელებადია, თუკი საქართველოს ყველა მოქალაქე გამოიჩენს თავის წილ პასუხისმგებლობას, არ დაარღვევს სხვის უფლებებს და არც სხვას მისცემს უფლებას რომ შელახოს მისი უფლებები. მე განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო პოლიციელებს, რომ არ შეასრულონ ოლიგარქის უკანონო ბრძანებები, რადგან ეს არის დანაშაული და მათ მომავალში აუცილებლად მოუწევთ ამ დანაშაულისათვის პასუხისმგებლობა. პოლიციელეი არ უნდა დათანხმდეს დანაშაულის ჩადენას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი. მე გული მწყდება, როდესაც ზოგიერთ ჩემს კოლეგა იურისტებს ვუყურებ სახედაკარგულებს, რომლებიც არცხვენენ მოსამართლის სტატუსს და არ ემსახურებიან კანონს, არამედ ემსახურებიან ივანიშვილის რეჟიმს. ეს უნდა დასრულდეს და მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჩვენ დემოკრატიული ქვეყნის აშენებას.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს და ყოფილ ვიცე-მერს ბრალი წარედგინათ
შემდეგი სტატია“მოვითხოვ თქვენთან პირისპირ შეხვედრას”-ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს