“მე”-ს რიტორიკა…

/შეიცან თავი შენი- სოკრატე/

მინდა სიმდიდრე, კეთილდღეობა, მიყვარს ვნება და მშურს სხვისი წარმატების. ჩემი პატივმოყვარეობის უკიდეგანობით ვერ ვეგუები, როდესაც სათანადო პატივს არ მომაგებენ. ჩემს მზერაში გამოსჭვივის მდაბიო გაკვირვება, როგორ ვერ შემამჩნიე და ვერ დამინახე. უფრო მეტიც, დაჟინებით მოგიწოდებ: მერწმუნე, როდესაც გატყუებ. სიცრუეს გთავაზობ და თავის მოტყუებას გავალდებულებ: შენ რა, შეგიძლია შემეწინააღმდეგო? არ არის ასე, როგორც მე გთავაზობ?.. გავლენიანს და წარმატებულს, მსურს, შეუმჩნეველი არ დავრჩე და თუ ვერ მამჩნევს, უცილობლად მივმართავ სხვა და სხვა ხერხებს. ხოტბა-დიდებას არ დავიშურებ, ყველაფერზე დავხუჭავ თვალებს იმის მოლოდინით, რომ დამიფასებენ და ამამაღლებენ. და თუ გამიმართლდა, რატომ გიკვირს, რომ ვერ გამჩნევ… ვიდრე წარმატებას მივაღწევდე, სათნო და კეთილშობილის იერს ვიძენ. როდესაც მას მივაღწევ, თუ უეცრად წარუმატებელი და საბრალო აღმოჩნდა ჩემს სიახლოვეს, აღშფოთებული ვუსაყვედურებ: რა არის, სულ დაკარგე თავმოყვარეობა?! ჩამომეცალე! ისიც, ბეჩავი, სასოწარკვეთილი და ნირმიხდილი ამოიკვნესებს:_ შენს ხელებსა და გულს ვენაცვალე, იქნებ როგორმე შეძლო და დამეხმარო. ესეც იმ შემთხვევაში, თუ მოიძიებს ამის ამოსათქმელ ძალას. უარეს შემთხვევაში გაწბილებული წყევლის თავისი დაბადების დღეს. არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემს მყუდროებას და კომფორტს არღვევს დაგლახაკებულის სათხოვარი. მისი დაძენძილი სამოსი, მისი სევდიანი თვალები ჩემი ალმაცერი მზერის წყალობით ცხოვრების დაუნდობელი მონაცვლეობის რეალობას მახსენებს და უფრო მეტად მზარავს გლახაკის დანახვა. ქვეცნობიერი შიში მეუფლება მისი ხილვისას და ვყვირი მდუმარე ძახილით: არასდროს!არასდროს მსგავსი რამ ჩემს თავს!გამუდმებით ვეძებ პირად კეთილდღეობას. მომხვეჭელობის ზვირთებს შეუვალ ზღუდედ აღვუმართავ საკუთარ თავს. არ მსურს, მახსენებდეს თავს წარმავალობა. იგი მე მზარავს, სიძულვილი მაქვს მისადმი და ყოველი, რაც მის არსებობას შემახსენებს, მზად ვარ, ვშთანთქო. ძლიერ მიზიდავს სანახაობა, რადგან მრავალი მოთამაშის ხილვისას ვხვეწ პიროვნული თამაშის წესებს. არა იმიტომ, რომ ცუდად არ ვიქცეოდე, არც იფიქრო! მხოლოდ იმიტომ, რომ მეტად შევძლო სხვის დაუფლება. რატომ უნდა ვიყო გულწრფელი, ნუთუ ვერ ხედავ, რომ იგი სისუსტეა? ვის სჭირდება იგი, რატომ უნდა აღელდეს უსინდისობაში მიძინებულის ტკბილი მთვლემარება?.._ ყველაფერი კარგად არის შენ გარშემო. ყველაფერი ისე თქვი და გააკეთე, როგორც უნდა გეთქვა და გაგეკეთებინა, როგორც საჭიროება მოითხოვდა…მართლაც, რა კარგია ასეთი მრჩეველი და ახლობელი. რა კარგი სამეგობროა ჩემ გარშემო. სრული ჰარმონია გვაქვს!!! გაერთიანდით ჩვენ გარშემო ყველა, ნახეთ, რა სიმშვიდე, ფუფუნება, სიხარული და ერთსულოვნება გვაქვს. სხვაგვარად ამას ვერ მივაღწევდით. ნუთუ დაგავიწყდათ, რომ ცხოვრება ბრძოლაა?! და აი, ჩვენც ასე ვიბრძვით. ვაშავებთ რამეს? ვეფერებით ერთმანეთს!.. როდესაც გვინდა, ერთმანეთს ქებას მივუძღვნით და თუ ეს აუცილებელი ხდება პირადი ინტერესიდან მომდინარე შეურაცხვყოფთ კიდეც. და თუ კიდევ უფრო მეტად აუცილებელი, რა ფასეულობაა სხვისი სიცოცხლე. სრულიად მარტივი გზაა _ ჩამოიშორე! ვინც ჩვენთან არ არის, ის ხომ არც უნდა იყოს! რა არის ამაში მიუღებელი. რომელი საუკუნეა ბოლოს და ბოლოს.ნუთუ ვერ გაიგეთ, რომ მე ვარ ”მე”. რატომ უნდა მივაგო პატივი სხვას. მან მომაგოს პატივი თავად. მადლიერი იყოს, რომ მე ვარსებობ. მითხარი მხოლოდ ის, რაც მე მასიამოვნებს. არ მითხრა არასოდეს სიმართლე. რა, არ გინდა ჩემთვის კარგი? არ გინდა, ბედნიერად ვგრძნობდე თავს? რაში მაინტერესებს სხვა?.. ნუ მეტყვი, რომ თანაგრძნობა გამოვხატო სხვისადმი. ნურც იმას, რომ შევიწყნარო სხვა. ძლიერ მძულს, როდესაც გამიბედავენ პირში სათქმელს. ნურასდროს მომთხოვენ დასახმარებლად ხელის გაწვდენას. აბა გაბედოს ვინმემ და ამოიკვნესოს, უმალ მივაგებ ჩემი ძალმოსილებით უკადრებელს! და თუ შევნიშნე ვინმე ჩემი და ჩემი ძალაუფლების არმეხოტბე, სულსწრაფით ველოდები, როდის მივაგებ მისაგებელს. დაინახავს სხვა ჩემს სისასტიკეს და მით დავამყარებ ჩემ გარშემო შიშის სიმშვიდეს! ნახეთ, რა სტუმართმოყვარენი ვართ. გაოცებულია უცხო. რა გულუხვად ვიცით სუფრის გაშლა და წვეულების მოწყობა. ვის შეუძლია ჩვენსავით ხანგრძლივად ჭამა-სმა? სხვა ვინ არის მსგავსი ძალმოსილების?! ნახეთ, რა არაიზოლირებულნი ვართ, რა ხელგაწვდილნი უცხოთა მიმართ, სხვას ვის შეუძლია მსგავსის გაკეთება. დიახ, გულუხვად ვხვდები, იმიტომ, რომ მისგან სარგებელს მოველი. მოჩვენებითობა, რა, ყველას შეუძლია? ითამაშო სცენაზე მრავალი ადამიანის წინაშე, მარტივია? მეტადრე ყოველწუთიერად ყოველი მათგანის წინაშე. ვის შეუძლია, შეგვეჯიბროს ასეთი მაღალი სასცენო ხელოვნების შესაძლებლობაში? პირველი უნდა იყო ყველგან და ყველაფერში. თუ ასეთი არ იქნები, ვერ ხედავ მოხეტიალე მათხოვრებს, საზრდოს სად ეძებენ, ნაგავსაყრელებში. რა, მასე გინდა იყო?.. ისევ ის უცხოელი მახსენდება, აღფრთოვანებული რომ წავიდა ჩვენი მასპინძლობით, მართლა რა სტუმართმოყვარენი ვართ, არა?.. აბა, განსხვავებული სასმისები შემოგვიტანეთ, განსხვავებული!!! მოდით ახლა ამ სასმისით ჩვენი სამშობლოს სადღეგრძელო მინდა შემოგთავაზოთ, მეგობრებო, ძმებო და ჩვენო დებო. ხო იცით, რომ ქართული სუფრა აკადემიაა. შეხედეთ,ამ რესტორნიდან რა ხედები ჩანს. სხვაგან სად ნახავთ ასეთს. ყველამ ახლა ერთიანად შევავსოთ და ავწიოთ სასმისები და ბოლომდე დავცალოთ. იცოდეთ შეგამოწმებთ, ვის არ უყვარს სამშობლო. ვინ გაბედავს და არ დალევს ბოლომდე. აბა, ერთად ვთქვათ და შევძახოთ: ჩვენს პატარა და ლამაზ საქართველოს გაუმარ… _ ჯოოოოს!_ არ ვარგა. აბა კიდევ ერთხელ:_ გაუმარ…_ ჯოოოოოოოოოს! კ ა რ გ ი ა !!!

+მთ. ეპ. ზენონი

ამონარიდი
საავტორო ნაშრომიდან “სიცოცხლის საზრისი”
2005 წელი

banner
წინა სტატიაში,,ჩვენი ბავშვებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია და ამიტომ მივიღეთ სწავლის გადადების გადაწყვეტილება”
შემდეგი სტატიაქვეყანაში ვირუსული ინფექციების გავრცელების შედეგად, 112 საგანგებო რეჟიმზე გადავიდა