მდინარაძე: „ნაცმოძრაობამ” ბოდიში უნდა მოიხადოს ჰიბრიდული ომისთვის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ არ განიხილავს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ინიციატივას, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს მიმართოს.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, იმ ფონზე, როდესაც უკრაინას საქართველოდან ელჩი ჰყავს გაწვეული აღნიშნული ინიციატივის დაყენება უხერხულია. ამასთან დასძენს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოდიში უნდა მოიხადოს ჰიბრიდული ომისთვის და მოღალატეობრივი კამპანიისთვის.

„ძალიან უცნაური იყო. ხატია დეკანოიძე ამბობდა, დილით ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასო და შუადღით დააყენეს „ლელოს“ წარმომადგენლებმა ინიციატივა. ეს დამთხვევა არ არის. სულ ვამბობდით, რომ „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ დანამატია.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვუთხარით უარი ამ საკითხს, „ნაცმოძრაობის“ და მისი დანაყოფების რომელიმე ინიციატივა ოდნავ სერიოზულად რომ განვიხილოთ, მათ ბოდიში უნდა მოიხადონ იმ ჰიბრიდული ომისთვის, ბინძური და მოღალატეობრივი კამპანიისთვის, რაც აქამდე აწარმოეს. უნდა მიხვდნენ, რომ ბევრი მათი ე.წ. ნარატივი საქართველოს ინტერესებს აზიანებს. ძალიან სერიოზული უხერხულობაა. უკრაინას, სამწუხაროდ, დღეს საქართველოდან გაწვეული ჰყავს ელჩი. ეს უხერხულობა ასეთი საკითხების დაყენებისას ალბათ, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, საკუთარ ქვეყანას მსგავსი უხერხულობები არ შეუქმნას. ეს ერთი მხრივ, დემარშია. ჩვენ ამის სიღრმეებში არ შევდივართ. არავის ვთხოვთ განმარტებას, პირიქით მხარს ვუჭერთ პოლიტიკურად, ჰუმანიტარულად, არ ვაიძულებთ ომში მყოფი ქვეყნის ადმინისტრაციას განმარტებები აკეთოს. ასეთი საკითხები არ არის რომელიმე ქვეყნის ოპოზიციის და ხელისუფლების შესათანხმებელი. მსგავსი საკითხი თანხმდება ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს რაშიც აქვთ გამოყენებული პირადი კონტაქტები უკრაინაში ეს გაშიფრულია. ვითომ კეთილშობილური მიზნებისთვის გამოყენებას პოპულისტურ სვლებს თავი დაანებონ, გაათვითცნობიერონ, რომ ასეთი საკითხები ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის გვარდება. ამ საკითხს მათ დალაგებულს ვერ განვიხილავთ“,- აღნიშნავს მდინარაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ უკრაინის ელჩი საქართველოში დაბრუნდება, თავად დააყენებენ თუ არა ინიციატივას, მდინარაძე განმარტავს, რომ აღნიშნული საჭიროებიდან და კონტექსტიდან გამომდინარე გადაწყდება.

„მე სამი საკითხი ჩამოვთვალე. ეს გადაწყდება კონტექსტიდან გამომდინარე, თუ საჭიროება იქნება. როდესაც ისინი მსგავს ინიციატივას აყენებენ, აპრიორში იგულისხმება, რომ შესაძლოა, რაღაც რისკებთან იყოს დაკავშირებული. როდესაც ელჩია გაწვეული ეს უხერხულობა არის. მათ მიერ დაყენებულ ინიციატივებზე ჩვენ სერიოზულადაც არ ვიფიქრებთ. კარგი იქნება, თუ ცუდი, არ შევალთ შინაარსში. მათი დაყენებული ინიციატივები სერიოზული ფილტრის ქვეშ უნდა გადიოდეს, რა პროვოკაციას დაგეგმავენ კაცმა არ იცის. ეს არ არის ყველაზე მთავარი. მთავარია, რომ მათ ბოდიში მოიხადონ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ნაწარმოები ჰიბრიდული ომისთვის. ამის შემდეგ დავფიქრდებით ოდნავ სერიოზულად მაინც ვიფიქროთ, თუ არა მათ ინიციატივებზე. ამ საკითხზე უნდა გვქონდეს კონკრეტული პასუხი. ამის შემდეგ, ეს საჭირო იქნება თუ არა, ერთმანეთთან დახურულ კარს მიღმა კონსულტაციით გადაწყდება. ჩვენ საჭიროებაზე ვერ ვისაუბრებთ, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მავნებლური თუ არამავნებლური მიზნებიდან გამომდინარე ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის პოპულისტური მიზნებიდან გამომდინარე. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას“,- აღნიშნავს მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშირუსულ ჭურვებს მცირეწლოვანი ამჯერად ნოვიე პეტროვცში ემსვერპლა
შემდეგი სტატიამთავარი არხი: საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა