მაჟორიტარები ვერ ამოეფარებიან ვერც ერთ პარტიას-ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებაზე საკუთარი ხელმოწერით შეცდომა დაუშვა. მისი თქმით, დროა, ეს შეცდომა გამოსწორდეს და ქვეყანა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდეს.

როგორც ჟურნალისტებს ხუნდაძემ განუცხადა, ქვეყანა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე 2020 წლისთვის უნდა გადავიდეს.

„ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არსებულ ვითარებასა და რეალობაში მაჟორიტარული სისტემა საუკეთესო საშუალებაა, რომ ხალხს მივანდოთ არჩევანი, საკუთარი წარმომადგენლები პირდაპირ აირჩიოს და პარლამენტი სრულად მაჟორიტარული სისტემით დაკომპლექტდეს. ასეთი სისტემებია ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია. ქართველი ხალხი მაჟორიტარებს უკეთ შეარჩევს, მაჟორიტარები იქნებიან კარგად ამოცნობადი და ვერ ამოეფარებიან ვერც ერთ პარტიას, რომელთა დასახელებები საკმაოდ ჭრელია. ზოგჯერ ამომრჩეველი იბნევა, რომელი პარტიის უკან რომელი პოლიტიკოსი დგას. „ქართული ოცნება“ იმით ამაყობს, რომ ქვეყანა 2024 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადადის, მაგრამ ამაში საამაყო არაფერია“, – აცხადებს ხუნდაძე.

დეპუტატი ამბობს, რომ ინიციატივას მხარს უჭერენ დაჩი ბერაია, ირაკლი შიოლაშვილი და მერაბ ქვარაია.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიადიღმის მასივში 4 შვილიან ოჯახს სახლიდან ასახლებენ