21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

მარტვილში წაჩხურობის დღესასწაულს აღნიშნავენ-გილოცავთ წაჩხურობას!

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება.

ამ დღეს ტაძარში მოსალოცად უშვილო წყვილები წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ, ასევე თხოვნის შესრულების გამო მადლობელი ადამიანები მოდიან. მათ თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს. „წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება. მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილები ეზიარებიან.

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარე წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, ხირზენის კალთაზე, მაღლობზე მდებარეობს.

სამეგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილებზე გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს.
ტაძარი მოგვიანებით მე-7 საუკუნეში აუგიათ, თუმცა ჩვენამდე განახლებული, მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. ტაძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა, თუმცა ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა.
მეუფე პეტრე ცაავას ლოცვა-კურთხევით დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

გილოცავთ წაჩხურობის დღესასწაულს!!

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიჩინეთი: აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ დამატებით ტარიფს მკაცრი საპასუხო ზომებით დავუპირისპირდებით
შემდეგი სტატიახელისუფლება ცდილობს სიღარიბეს ფორმა მოარგოს და ლამაზად შეფუთოს-სიღარიბე ხდება მოწესრიგებული, გაჭირვება ესთეტიკური