მარგველაშვილი მზაობას გამოხატავს იტვირთოს მედიატორის როლი ოპოზიციასა და ივანიშვილს შორის

„მთავარის“ ეთერში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს და მზაობას გამოხატავს იტვირთოს მედიატორის როლი ოპოზიციასა და ივანიშვილს შორის.

„მიმაჩნია, პრეზიდენტი ასეთ დროს ხალხთან და პოლიტიკურ ძალებთან ერთად უნდა იყოს. ახლა, იმ გზებზე უნდა მსჯელობდეს, ამ ვითარებიდან ქვეყანა როგორ გამოიყვანოს, მას კონსტიტუციურად აქვს როლი, შექმნას სადისკუსიო მაგიდა. გამიხარდებოდა, ამ ფუნქციას რომ ასრულებდეს.

გარეთ მნიშვნელოვანი და კარგი პროცესი მიდის. გარეთ გამოვიდა საზოგადოება, რომელმაც ტყუილი და შეურაცხყოფა არ მიიღო. მეტიც, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გადარჩენის შანსი მისცა. ეს ხალხი გარეთ რომ არ გამოსულიყო თაღლითების საზოგადოება ვიქნებოდით. ამ ხალხმა და ერთად დამსხდარმა პოლიტიკოსებმა მისცა შანსი იმის დანახვას, რომ თაღლითები არ ვართ. ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ქართულმა საზოგადოებამ უზრუპაციის რეჟიმში ცხოვრება გააგრძელოს.

ივანიშვილის გეგმაა, პოლიტიკოსები დასრულდნენ და თვითონ იყოს ამ ყველაფრის თავმჯდომარე. მისი გეგმით, პოლიტიკა სრულდება. მაშინ, როცა წინა ხელისუფლების ოპოზიციაში ვიყავი, სულ სხვა გეგმა იყო. ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლო ხელისუფლების გადაცემა. ახლა, ივანიშვილი არის თუ არა გადამცემი, ან უნდა თუ არა, ეს ნაკლებად საინტერესოა. ხალხის ნებაა განმსაზღვრელი. ვხედავ იმ რისკს, რომ რაც მაშინდელ ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციამ მოვახერხეთ, არჩევნების გზით შეცვლა, არ მოხდეს.

როცა ხელისუფლებას მმართველობის ბერკეტები დაკარგული აქვს, ის ემყარება პოლიციას, ეს წინაპირობაა იმისა, რომ ჩამოიშალოს. შეცდომების კასკადს აქამდე მივყავართ. ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით თუ არ მოხდა, დავკარგავთ დიდ მონაპოვარს.

ქართველი ხალხი არ აპირებს სახლში შევიდეს და ამ ტყუილების კასკადს მოუსმინოს. მნიშვნელობა აღარ აქვს თაღლითობის რომელ ვერსიას მოგვისმენენ. ეს ყველაფერი დაიწყო თაღლითობით და ძარცვით გაგრძელდა, მათ წაგვართვეს ძალით ის, რასაც ხალხი აპროტესტებს.

აღფრთოვანებული ვარ პოლიტიკური პარტიების კოორდინირებით, მათ შეძლეს დასხდნენ მაგიდასთან და იმსჯელონ პოლიტიკურ პროცესებზე. თუ საჭირო გახდა, ივანიშვილსაც დაველაპარაკები, სააკაშვილსაც და ზურაბიშვილსაც. შესაძლოა, მედიატორიც ვიყო. ჩვენ ქვეყნიდან არავის უნდა ვაგდებდეთ, ყველას აქვს უფლება იარსებოს პოლიტიკურ ასპარეზზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილმა სალობიეში ყოფნის ფაქტი შეაფასა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს-დაკავებულია 28 პირი