მამულაშვილი: თავის დროზე კალიურანდმა გააფრთხილა სააკაშვილი, რომ პროვოკაციებისგან თავი შეეკავებინა

თავის დროზე კალიურანდმა გააფრთხილა მიხეილ სააკაშვილი, რომ პროვოკაციებისგან თავი შეეკავებინა. მიხეილ სააკაშვილმა არანაირი პროვოკაცია არ გააკეთა, ის ჩუმად ჩამოვიდა, არ მოუწოდებია, ხალხი მის დასაცავად გამოსულიყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნონა მამულაშვილმა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამისთანა მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი არის ოლიგარქიის პოლიტიკური ტყვე, ავტორიტარული რეჟიმის პოლიტიკური ტყვე და ამ დროს ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც ვერანაირი გამართლება ვერ ექნება ამ კომენტარს, რაც ამ ქალბატონმა გააკეთა, რადგან ამ ეტაპისთვის ყველა ვიბრძვით ქვეყნის გადასარჩენად. მიხეილ სააკაშვილმა ფაქტობრივად თავი შესწირა, ძალიან გააზრებულად გააკეთა, მან თქვა კიდეც, როდესაც შეხვედრები გვქონდა სტრასბურგში, რომ ის არ აპირებდა ხალხის მობილიზებას და აქ გადატრიალების მიზნით არ ჩამოდიოდა. თავის დროზე კალიურანდმა გააფრთხილა მიხეილ სააკაშვილი, რომ პროვოკაციებისგან თავი შეეკავებინა. მიხეილ სააკაშვილმა არანაირი პროვოკაცია არ გააკეთა, ის ჩუმად ჩამოვიდა, არანაირი მოწოდება არ ჰქონია, ხალხი მის დასაცავად გამოსულიყო, ძალადობისკენ არ მოუწოდებია.

იმის ნაცვლად, რომ ვლაპარაკობდეთ, ქვეყანას, რომელსაც დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია, ჰყავს პოლიტიკური პატიმარი, ჩვენ ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგზე, ყველაზე ცოტა, სირცხვილია. არ ვიცი, კალიურანდი რას აღიქვამს, რადგან არ ვიცი, რამდენად ერკვევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში, მაგრამ „ქართული ოცნება“ რომ სრულ პანიკაში და ისტერიკაშია, რადგან მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზეა, ეს მიანიშნებს, რომ მას არანაირი ძალაუფლება და რეიტინგი არ დაუკარგავს, პირიქით. სამწუხარო ფაქტს, რომ დღეს სააკაშვილი რეჟიმის მსხვერპლია, რეჟიმის ტყვეა, მალე გამოვასწორებთ. გვყავს ძალიან ბევრი საერთაშორისო პარტნიორი, რომელიც ამ პროცესებს სათანადოდ აფასებს. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა პოლიტიკურ სცენაზე. ვსაუბრობთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტზე, რომელიც 9 წელი პოლიტიკური დევნილია, რომლის წინააღმდეგ არის სრულიად გამოგონილი ბრალდებები იმ რეჟიმის მიერ, რომელსაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო, სასამართლო და ვსაუბრობთ თანამედროვე საქართველოს ავტორზე. ლეგალურად შემოვიდა თუ არალეგალურად, არამგონია, სწორი ინტერპრეტირება იყოს, რადგან იმ ადამიანს ეკუთვნის, იყოს საქართველოში“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში ნატო-ს აქტიური ჩართულობა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს