ლომჯარია სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა: “ოცნებამ” იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა დროებითი ღონისძიების გამოსაცემად

სახალხო დამცველი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმი პროცესში ე.წ. მეორე მოსაზრების წარდგენის გზით ჩაერთვება.

“გუშინ მივიღეთ ჯანდაცვის მინისტრის თხოვნის წერილი, რომ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთოს მიხეილს სააკაშვილის მკურნალობის პროცესში. ე.წ. მეორე მოსაზრების წარდგენის გზით. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგელობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა ჩვენ ჩავერთვებით პროცესში ზედამხედველობის მიზნით. ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმს ჩვენი კონსილიუმი წარუდგენს ე.წ. მეორე მოსაზრებას, რაც არის აპრობირებული გზა მოსაზრების გაზიარებისა და რეკომენდაციების წარდგენის სამედიცინო სფეროში”,- თქვა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მორიგ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ მაღალია ალბათობა, რომ ხელისუფლებამ მიხიელ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან იცოდა, რომ სასამართლო დროებითი ღონისძიებისთვის ემზადებოდა.

“მე რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა ვვარაუდობ, რომ მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე, დროებითი ღონისძიების გამოსაცემად. იმიტომ, რომ მხარეს როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში სააკაშვილის ადვოკატებს წარდგენილი ჰქონდა სასამართლოში სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მაღალია ალბათობა იმისა, რომ მათ რეალურად ეს გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ სასამართლო დაეყრდნობოდა ამ ექსპერტიზის გადაწყვეტილებას”,- თქვა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსწონთ, შეუძლიათ, საერთაშორისო სასამართლოს მიმართონ
შემდეგი სტატიამამულაშვილი: როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ უკვე უამრავ მდა წერილში, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი