ლევან ბოძაშვილი – ძნელია, დაეთანხმო სახელმწიფო მინისტრს

ძნელია, დაეთანხმო სახელმწიფო მინისტრს, თითქოს ქართული საზოგადოება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული დისკუსიებისთვის მზად არ არის, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი აცხადებს.
ბოძაშვილის განმარტებით, 2014 წლიდან აფხაზეთის და, ზოგადად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებზე ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის გამართვისა და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა არაერთხელ იყო სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან.
“კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა ამ თემაზე ათამდე შეხვედრა გამართა. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს, როგორც საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების (ნაცმოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები), ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების (“ახალი მემარჯვენეები”, გაერთიანებული დემ. მოძრაობა, ედპ, თავისუფალი საქართველო, ლეიბორისტული პარტია, საქართველოს ევროპელი დემოკრატები, პატრიოტთა ალიანსი, საქართველოს გზა, ტრადიციონალისტთა კავშირი, ქართული დასი) წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა, ექსპერტებმა და კონფლიქტოლოგებმა, ანუ პრაქტიკულად ყველამ, ვინც აღნიშნულ თემატიკაზე მუშაობს და ვისი მოსაზრება და იდეები შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს კონფლიქტურ რეგიონებში ვითარების შეცვლის თვალსაზრისით. ამ კონსულტაციების შედეგები გარკვეულწილად აისახა პრეზიდენტი ყოველწლიურ მიმართვაში პარლამენტს ა.წ. 31 მარტს”,-აცხადებს ლევან ბოძაშვილი.
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მიიჩნევს, რომ ამგვარ პროცესს ხელი უნდა შეეწყო ზუსტად იმ მიზნისთვის, რასაც პაატა ზაქარეიშვილი მიუთითებს – “პოლიტიკურ ძალთა და საზოგადოების ერთიანობისა და კონსოლიდირებული საერთო ეროვნული მიდგომის ჩამოყალიბებისთვის”.
“სამწუხაროდ, ერთადერთი პოლიტიკურტი ჯგუფი, რომელმაც არ მიიღო პროცესში მონაწილეობა, მმართველი პოლიტიკური კოალიცია აღმოჩნდა. კოალიციის წარმომადგენლებს – საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრებს, საქართველოს პრეზიდენტის არაერთი მიწვევის მიუხედავად, არც ერთხელ არ მიუღიათ მონაწილეობა საკონსულტაციო შეხვედრებში, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს პოლიტიკის შეჯერებას ეძღვნებოდა”, – აცხადებს ბოძაშვილი.
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თქმით, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატთან ერთად მზად არის, განაგრძოს კონსულტაციები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კონსოლიდირებული პოლიტიკის შემუშავების მიზნით და შეხვდეს მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ფედერაციული მოწყობის საკითხის განხილვა დღევანდელი მთავრობის დღის წესრიგში არ დგას. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მოგვარების გზებზე სათანადო დისკუსია უნდა მიმდინარეობდეს და არა ის, რომ “სახელმწიფო მინისტრი რაღაცას იტყვის და საზოგადოება არ მიჰყვება”. საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაჟღერებული იდეა, საქართველოს ფედერაციული მოწყობის შესახებ, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება, ზაქარეიშვილის თქმით, მისი პირადი პოზიციაა და ამის თაობაზე მთავრობის შიგნით კონსულტაციები არ მიმდინარეობს.
“ეს არც ინიციატივაა და არც შეთავაზება. ეს არის ჩემი პოზიცია. მე მგონი, ქართული საზოგადოების პრობლემაა, რომ ასეთი დისკუსიებისთვის მზად არ არის. მაგალითად თავის დროზე ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა პრემიერ-მინისტრმა ერთა თვითგამორკვევის შესახებ და საზოგადოებამ ეს გაატარა. საკმარისია ჩაიფიქრო, რომ მიდიხარ, ვთქვათ, ქუთაისში, სიტყვაზე და უცებ იწყებ ფიქრს, რითი მიდიხარ – ურმით, “მარშუტკით”, თვითმფრინავით. ანუ, აფხაზეთის დაბრუნება ყველას გვინდა, მაგრამ როგორ ვიბრუნებთ, რა გზით, რა საშუალებით – ამაზე მსჯელობა არ არის. 2004 წელს ჩემი და ჩემი მეგობრების ინიციატივით გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო კონცეცფია ფედერალიზაციაზე. ჩემი პირადი პოზიციაა, როგორც სპეციალისტის ამ სფეროში, რომ საქართველოში ყველაზე კარგი, ეფექტური ფორმა კონფლიქტების მოგვარებისა არის მისი ფედერალიზაციური მოწყობა – ასიმეტრიულ რეგიონალიზმზე დაფუძნებული, ე.ი. სხვადასხვა რეგიონების მიმართ სხვადასხვა სტატუსი – აფხაზების მიმართ განსაკუთრებული სტატუსი უნდა იყოს. მე ამის იქით არ მივდივარ. თუ ვინმეს უკეთესი აზრები აქვს, ღმერთმანი, დაწეროს. 10 წელი გავიდა, ვინმემ რამე შემოგვთავაზა?! მე ასე ვხედავ, თუ სხვა სხვანაირად ხედავს, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამებასა და საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენციას დაიცავს
შემდეგი სტატიაპაატა სალია – მე ვერ ვხედავ, რომ ამან არსებითად რაიმე ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს