„ლეოგრანდის“ თანამშრომლები სამორინეს ამუშავებას გამოძიების დასრულებამდე ითხოვენ

ბათუმში მდებარე სასტუმრო “ლეოგრანდის” 368 თანამშრომელი უმუშევრად დარჩენის საფრთხეზე საუბრობს.

ისინი სასტუმროს შემადგენლობაში არსებულ კაზინო “ლეოგრანდში” მუშაობდნენ, თუმცა 2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, გამოძიების დასრულებამდე, ობიექტის მუშაობა შეწყდა.

ინფორმაციას batumelebi.netgazeti ავრცელებს.

ყოფილი თანამშრომლები განცხადებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, ბიზნესომბუდსმენს, ირაკლი ლექვინაძეს და სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელებს მიმართავენ.

მათი განმარტებით, ხანძრის შემდეგ ისინი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს და რამდენიმე თვეა, ანაზღაურებას ვერ იღებენ.

კაზინო “ლეოგრანდის” თანამშრომლებისთვის გაუგებარია, რატომ ვერ ახერხებენ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას.

“გარდა საერთო მფლობელებისა, სასტუმროსა და კაზინოს არაფერი აკავშირებს. ისინი განლაგებული არიან ცალკე შენობებში და მხოლოდ საერთო შესასვლელი აქვთ. სასტუმროში მომხდარი ხანძრის დროს კაზინოს შენობაში არც ხანძარი და არც დაკვამლიანება არ ყოფილა, შესაბამისად არც არავინ დაშავებულა.

გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოთ ყველა შემაფერხებელი ფაქტორის მოხსნა, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა დავუბრუნდეთ სამუშაო ადგილებს. თითოეული ჩვენგანის უკან ოჯახებია, უმეტესობას გვყავს მცირეწლოვანი შვილები. უმუშევრობის ყოველი დღე კიდევ უფრო ართულებს ჩვენს მდგომარეობას.“ – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ტუღუში – ძალიან ცუდია, როცა სანდრო გირგვლიანის სახელით სპეკულირება ხდება
შემდეგი სტატია„კანონიერი ქურდობა“ 9-დან 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება