თბილისში 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ლაზარე გრიგორიადისის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.
ლაზარე გრიგორიადისმა სხდომაზე დისტანციურად ჩართვის სურვილი გამოთქვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განცხადებით, ეს დაშვებულია მხოლოდ მაშინ, თუ ბრალდებულს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვს, რაც ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. მოსამართლე ლაზარე გრიგორიადისის სხდომაზე გამოცხადებას ითხოვს.
საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა დარჩა. მხარეების მიერ ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, მოსამართლე განაჩენის გამოცხადებას შეძლებს.
რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.