კვირიკაშვილი მელიას: ვაკვირდები თქვენს სტილს, რომელიც არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება

news
ავტ.: news ნოემბერი 26, 2016 15:36

კვირიკაშვილი მელიას: ვაკვირდები თქვენს სტილს, რომელიც არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება

ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრი და მთავრობის იურიდიული სამსახურის უფროსი ზეწოლას ახდენენ სასამართლოზე, არის აბსოლუტური სიცრუე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიას მიმართა, რომელმაც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ ზეწოლის შესახებ სარწმუნო წყაროდან აქვს ინფორმაცია.

„საერთოდ, ბატონო ნიკა, მინდა ვთქვა, რომ თქვენი სტილი – ადამიანს უთხრათ, რომ ნომინალური ხარ, თან შეკითხვა დაუსვათ და პასუხი გაინტერესებთ, არის ყველანაირი ეთიკის წრიდან გასული. ორი დღეა, ვაკვირდები თქვენს სტილს, რომელიც არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება. თუ ნომიმალურობაზე ვსაუბრობთ, ვინ არის ნომინალური და საიდან იმართება დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, სწორედ ეს არის კითხვის საგანი და არა ის, რა შეკითხვებსაც თქვენ სვამთ. როგორ მოიქცეოდა, თქვენი აზრით, არანომინალური პრემიერ-მინისტრი, საინტერესოა. ალბათ ამის მაგალითები წარსულში არაერთი გქონიათ, სპეცდანიშნულების რაზმებისთვის დავალებების მიცემა, მოსამართლეებთან დარეკვა, როგორ მართავდა იუსტიციის მინისტრი მთლიანად სასამართლო პროცესებს და ა.შ. თქვენ თუ ამისი მოთხოვნა გაქვთ, დღეს მინდა, გაგაწბილოთ, არ იქნება ეს საქართველოში და ამას ვერავინ ვეღარ ნახავს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ თავისი გუნდის სისუფთავეში დარწმუნებულია.

news
ავტ.: news ნოემბერი 26, 2016 15:36