კორპუსის ნგრევის ვერსიები – რას ჰყვებიან ადგილობრივები[ფოტო]

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსი დაახლოებით ოთხი საათის წინ ჩამოინგრა. მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ნგრევა შესაძლოა ლიფტს უკავშირდებოდეს, რომელიც კორპუსს რამდენიმე წლის წინ მიაშენეს, ან შენობის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს.

მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე კი ამბობს, რომ ლიფტი სადარბაზოზე გარედან იყო მიდგმული და ნებართვა 2017 წელს გაიცა.

”სპეციალისტები ამბობენ, რომ ამას არ შეეძლო გამოეწვია ნგრევა. ლიფტი არის მსუბუქი კონსტრუქცია და იყო მიდგმული შენობის გარედან. ლიფტის გაკეთების ნებართვა 2017 წელს არის გაცემული. რადგან ნებართვა იყო გაცემული შემოწმებულიც იქნებოდა. ლიფტი არ არის შენობაში ჩაშენებული. ინჟინრებიც და არქიტექტორებიც ამბობენ, ეს ვერ გამოიწვევდა ნგრევას” – განაცხადა ლელა სურმანიძემ.

ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევისას ნანგრევებიდან გამოყვანილი ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ აფეთქება არ ყოფილა. მისივე თქმით, კორპუსში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები და პირველ სართულზე კედლებს ანგრევდნენ.მერიაში აცხადებენ, რომ კორპუსი ავარიული არ იყო.

​მომიჯნავე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე, ქეთი პაპავა ვარაუდობს, რომ ნგრევა აფეთქებამ გამოიწვია. მისივე განცხადებით, მეზობლებმა ჩამონგრევამდე გაიგეს აფეთქების ხმა.

“ბოლოს ამ კორპუსზე დაშენება მოხდა სადღაც 2000 წლის დასაწყისში.საკმაოდ დიდი ხანია დაშენება ამ კორპუსზე აღარ ყოფილა. შემდგომ სადარბაზოზე მონტაჟდებოდა ლიფტი. არასოდეს გაგვიგია, რომ ამ სახლში ყოფილიყო ავარიული სიტუაცია” – განაცხადა ქეთი პაპავამ აჭარის მაუწყებელთან საუბრისას.

“სოკარ ჯორჯია გაზის” დირექტორი უარყოფს გაზის შესაძლო აფეთქების ვერსიას. ​წინასწარი მონაცემებით აცხადებენ, რომ ნგრევის მიზეზი გაზის აფეთქება არ ყოფილა.

აღნიშნულ სადარბაზოში 12-მდე ოჯახი ცხოვრობს.

 

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია სკანდინავიელი ინვესტორებისთვის წარსადგენი სტარტაპების რეგისტრაციას იწყებს
შემდეგი სტატიარიჟვაძე: ჩემი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია