კომიტეტმა კვოტირების გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების გაუქმებას. ინიციატივა “გირჩს” ეკუთვნის, მას “ქართული ოცნება” მხარს უჭერს. პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს.

“გადმოვიღეთ რაღაც სრულიად მავნე სოციალისტური იდეა მემარცხენე ევროპიდან და იმიტომ რომ იქ ვიღაცამ დააჯერა თავისი მოსახლეობა, თან ყველა ქვეყანაში არა, საბედნიეროდ, და სულ რამდენიმეში, და აფრიკულ ქვეყნებში არის კვოტირება და ასე შემდეგ, იმიტომ, რომ დააჯერეს თავისი მოსახლეობა, რომ იქ ქალებს ჩაგრავენ, ეს მათი პრობლემაა, ჩვენც რაღაც ამდაგვარი გავაკეთეთ. მე მგონი, ეს საბოლოო ჯამში იყო ქალების, ზოგადად საზოგადოების მიმართ შეურაცხმყოფელი”, – თქვა სანდრო რაქვიაშვილმა.

მისივე აზრით, კვოტირებას არანაირი განსაკუთრებული შედეგი არ მოუტანია.

“ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ეს კანონპროექტი “ოცნების” ინტერესებში შედის და “გირჩი” მმართველ გუნდს გამიზნულად ეხმარება. მან “გირჩის” დეპუტატებს სთხოვა დაესახელებინათ მაგალითი, როდესაც უმრავლესობამ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტი არა თუ განიხილა, არამედ დაჩქარებული წესით განხილვა გადაწყვიტა მალევე გაიტანა კომიტეტებზე.

“სინამდვილეში, ისევე როგორც ხალხის ძალას არ ჰქონდა წარმოდგენილი რუსული კანონი და ოცნების იყო და მათი ხელით დარეგისტრირდა, ამ ტიპის სპექტაკლს ვუყურებთ ახლა ჩვენ, რიტორიკულია ჩემი შეკითხვები, შეგიძლიათ პასუხიც არ გასცეთ”, – თქვა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ გენდერული კვოტის, ზოგადად თანასწორობის პრინციპი, იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩაგვეთვალა შესრულებულად, მან მმართველ გუნდს ჰკითხა, დააზიანებს თუ არა აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირისკენ სწრაფვას.

“მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ თქვენ თანასწორობა გაღელვებთ იმიტომ, რომ გუშინ თქვენი ერთ-ერთი კოლეგა, ჩემი კოლეგაც, მეგრელიშვილი, გამოვიდა სატელევიზიო ეთერით, გამიკვირდა მისგან ასეთი რამ და აღნიშნა, რომ თურმე ქალებმა უნდა დავიმსახუროთ თანასწორობა და აღნიშნა, რომ თურმე პროფესიული ნიშნით უნდა მოვხვდეთ. საერთოდ ნებისმიერი პოლიტიკოსი იზომება ელექტორალური ნიშნით, აქედან რამდენი იყრიდით კენჭს მე არ მახსოვს, იაგო იყრიდა ბათუმში და ბატონი მეგრელიშვილი იყრიდა, და დაახლოებით 3%-მდე აიღო […] თქვენ რა ნიშნით მოხვდით პარლამენტში, ბატონო სანდრო, ეგ მაინტერესებს? მე მგონია, რომ თქვენც კაცის დამსახურებით მოხვდით პარლამენტში და გგონიათ თუ არა, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე რომ არ ყოფილიყო, რომელთანაც ახლა სერიოზული ქიშპობა გაქვთ, მოხვდებოდით პარლამენტში?! თქვენც კაცების დამსახურებით ხართ აქ ყველა, როგორც ძალიან ბევრი ქალი, თქვენ რა პროფესიული ნიშნით მოხვდით პარლამენტში, ბატონი ჰერმანი, იაგო და სანდრო, თქვენ, რა გაქვთ ის გამორჩეული პროფესიული ნიშანი, რის გამოც თქვენ საქართველოს პარლამენტში თანასწორობაზე უნდა ზრუნავდეთ?” – თქვა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიგაიცანი თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – „კემპის“ გამარჯვებულები
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – ქალებს პრიორიტეტს მივანიჭებთ, მაგრამ არ უნდა გვქონდეს დამოკიდებულება, რომ ქალი პარლამენტში იმიტომაა, რომ ქალია