კობახიძე “თავისუფალ დემოკრატებს“, პაატა ბურჭულაძეს და ნათელაშვილს” “ნაციონალების“ სატელიტებს უწოდებს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გაზეთ “ვერსიასთან“ ინტერვიუში “ნაციონალური მოძრაობის“ “სატელიტებს” ასახელებს.

კობახიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტების ნათლად გარჩევა სატელევიზიო ეთერში ყველაზე მეტად შესამჩნევია. “ირაკლი ალასანია და “რესპუბლიკელები“ არ ქმნიდნენ გარანტიას ჩვენი პროდასავლური კურსისა. ერთადერთი ძალა, რომელიც დღეს ამის გარანტიას ქმნის საქართველოში, “ოცნებაა“. “ნაციონალური მოძრაობა“ კი, ყველაზე ანტიდასავლური ძალა იყო ბოლო 25 წლის განმავლობაში და ამ რეალობის საწინააღმდეგო მითები იქმნებოდა. ამ სტერეოტიპებს ამკვიდრებდნენ როგორც “ნაციონალების“, ისე მათი სატელიტები და ამტკიცებდნენ, რომ ისინი პროდასავლური ძალები არიან. მათ ჰქონდათ ერთი დღის წესრიგი, დღეს კი, სრულიად სხვა დღის წესრიგი აქვთ, რამაც მათ სხვა ბანაკისკენ უბიძგა. ეს ძალიან ღიად ჩანს. ელემენტარულად, შეგვიძლია სატელევიზიო ეთერს შევხედოთ, ვინ რამდენჯერ და რა ტიპის გადაცემებსა და შოუებში ზის და რა ტიპის გამოსვლები აქვს. მაგალითად, შალვა ნათელაშვილი “ნაციონალების“ მეორე სატელიტია. რეალურად, ვისაც რა პოზიცია უნდა ჰქონდეს, “ოცნების“ წევრებისთვის სახელების შერქმევას და მათთვის ანტიგმირების დაძახებას თავი უნდა დაანებოს. ამის უფლება არც “ნაციონალებს“ აქვთ და არ იმ ადამიანებს, ვინც დღეს პოლიტიკაში მოსვლის განაცხადს აკეთებს. მათ არ უნდა ისაუბრონ იმ ხალხზე, ვინც 2012 წელს თავი გადადო მაშინ, როცა თავად პოზიციაც კი არ დაუფიქსირებიათ“, – აღნიშნა კობახიძემ. მან ასევე დაადასტურა, რომ ის სატელიტებში პაატა ბურჭულაძეს გულისხმობს და ფაქტად 22 მაისისთვის ჩანიშნული საკრებულოს შუალედური არჩევნებში, ბურჭულაძისა და „ნაციონალების“ მხრიდან კანდიდატების ერთობლივად წარდგენა მოიყვანა. “2012 წელს, როცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა და ქვეყანაში პოლიტიკური ომი იყო, პაატა ბურჭულაძეს საკუთარი პოზიცია საერთოდ არ დაუფიქსირებია, ის არც იქეთ იყო, არც აქეთ. დღეს კი ფაქტია, რომ 22 მაისისთვის ჩანიშნული საკრებულოს შუალედური არჩევნების კანდიდატი, ერთ-ერთ ადგილობრივ ოლქში პაატა ბურჭულაძემ და „ნაციონალებმა“ ერთობლივად წარადგინეს. ახლა სხვას ვერაფერს დავაკონკრეტებ. ყველაფერი იმისკენ მიანიშნებს, რომ ბურჭულაძის ფონდი მისი საარჩევნო მიზნების შესაფუთად იყო საჭირო“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები დღეს დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი შვედეთის შს მინისტრს შეხვდა