კობახიძე: 18 წელია, ამ ქვეყანას უშლიან ხელს „ნაციონალები“ რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ დამთავრებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა ქართული დემოკრატიისთვის

ჩვენ გვჭირდება მობილიზაცია ყველა, ოცივე მუნიციპალიტეტში, რათა საბოლოოდ მოვიპოვოთ გამარჯვება და ეს გახდება საწინდარი, რომ სრულიად განეიტრალდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებს ქართულ პოლიტიკაში, ეს არის მნიშვნელოვანი ქართული დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არსად აქვს უმრავლესობა, არც ერთ საკრებულოში.

„რაც შეეხება საკრებულოებს, ყველაში ჩვენ მოვახერხებთ საბოლოო ჯამში სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას. ეს ერთი, რაც შეეხება საბოლოო დასრულებას, ამისთვის საჭიროა რა თქმა უნდა, 30 ოქტომბერს ამომრჩევლის სრული მობილიზაცია. ჩვენ უკვე მოვიგეთ 64-დან 44 მუნიციპალიტეტში არჩევნები, 20-ში დაგვრჩა მოსაგები. როგორც კი მოვიგებთ და დასრულდება არჩევნების მეორე ტური, მივიღებთ მოცემულობას, რომ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სრულად, ეს იქნება მოცემულობა. ასევე მოგებული გვექნება მათი გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი, ეს მეორე. მათი ბელადი არის ციხეში, ეს მესამე. შესაბამისად, ყველანაირი წინაპირობა იქმნება, რათა შემდეგი სამი წლის განმავლობაში, ქვეყანა სრულიად მშვიდად განვითარდეს. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამას სჭირდება რა თქმა უნდა, მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე 18-წელია, ამ ქვეყნის განვითარებას.

„18 წელია, ამ ქვეყანას უშლიან ხელს „ნაციონალები“. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ დამთავრებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა ქართული დემოკრატიისთვის. გეთანხმებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე ინარჩუნებდა საკუთარ თავს და ამის საშუალებას აძლევდა სხვადასხვა ფაქტორი. მათ შორის ის, რომ სააკაშვილი წარმართავდა პროცესებს თავისი მოპარული ფულით კიევიდან და დღეს ის არის ციხეში, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი და მეორე, იყო ყოველ წელს პოლარიზებული არჩევნები. როგორც კი, რაღაც პროცესები მიდიოდა სწორი მიმართულებით, წამოყოფდა ხოლმე არჩევნების წყალობით ისევ თავს ნაც მოძრაობა. ახლა მათი ბელადი არის ციხეში, სამი წელი არ იქნება არჩევნები, შესაბამისად, ახლა ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ საბოლოოდ დავამთავროთ „ნაციონალური მოძრაობა“. ამისთვის საჭიროა 30 ოქტომბერს სრული მობილიზება. ჩვენ გვჭირდება მობილიზაცია ყველა, ოცივე მუნიციპალიტეტში რათა საბოლოოდ მოვიპოვოთ გამარჯვება და ეს გახდება საწინდარი, რომ სრულიად განეიტრალდეს ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებს ქართულ პოლიტიკაში. ეს არის მნიშვნელოვანი ქართული დემოკრატიისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რისთვის ემზადებიან ისინი მეორე ტურის შემდეგ?, – კობახიძემ განაცხდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმას, თუმცა ამის საშუალება არ მიეცემათ.

„რა თქმა უნდა, მათ ექნებათ რაღაც მცდელობები, თუმცა არც საარჩევნო რესურსი აქვთ, არც ქუჩის რესურსი და აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც დიდ რისკებს ვერ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან რაღაც დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმას, თუმცა ხელისუფლება დგას თავის ადგილზე და ბუნებრივია, მათ ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში„მმართველ გუნდს 9 წლის თავზეც კი მოსახლეობისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს, ამიტომ სიძულვილის ენას მიმართავს“ – ლაშა დამენია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე -ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელმაც პირველ ტურში მხარი დაუჭირა პარტიას „საქართველოსთვის“, აპირებს, მხარი დაუჭიროს ჩვენს კანდიდატებს