კობა გვენეტაძე – „დენტონსის“ დასკვნა აგებულია მხოლოდ „თიბისი ბანკის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და საინტერესოა, რომ მთლიანად არასოდეს გამოქვეყნებულა

იურიდიული კომპანია „დენტონსის“ დასკვნა მხოლოდ „თიბისი ბანკის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზეა აგებული, – ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

ამასთან, გვენეტაძის თქმით, „დენტონსის“ დასკვნა მთლიანად არ გამოქვეყნებულა და მხოლოდ რამდენიმე გვერდი იყო საჯარო.

გვენეტაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა დასკვნა შეისწავლა და დარწმუნდა, რომ მისი გადაწყვეტილებები და ანალიზი აბსოლუტურად სწორი იყო.

„როდესაც „დენტონსის“ შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა, ნათქვამი იყო, რომ ნახეთ ეს დასკვნა და დარწმუნდებით, არაფერი ყოფილაო. ძალიან საინტერესოა, რომ „დენტონსის“ დასკვნა მთლიანად არასოდეს გამოქვეყნებულა და მხოლოდ ერთი-ორი გვერდი იყო საჯარო. გარდა ამისა, „დენტონსის“ დასკვნა არის აგებული მხოლოდ ბანკის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. ჩვენ, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა შევისწავლეთ ეს დასკვნა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები და ანალიზი იყო აბსოლუტურად სწორი. იმის ანალიზი, რატომ არ გამოქვეყნდა მთლიანი დასკვნა, თქვენთვის მოგვინდია“, – განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას კობა გვენეტაძემ.

მიმდინარე წლის თებერვლაში, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ „მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია „დენტონსმა“ (DENTONS) შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არათუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი“.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების წესი იცვლება
შემდეგი სტატიაკობა გვენეტაძე – მამუკა ხაზარაძის სურვილი იყო, მიგვეცა წერილი, რომ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია