კილაძე ხვიბლიანის ნათესავთან მიმოწერას ასაჯაროებს

ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ძარცვისას, სავარაუდო, მძევლის დავით ხვიბლიანის სავარაუდო ნათესავი ელისო კილაძეს დაუკავშირდა და სთხოვა ნიკა გვარამიასთვის გადაეგზავნა სქრინი, რომელზეც ჩანს თუ როგორ უკავშირდება ხვიბლიანი ბარსელონაში მცხოვრებ ნათესავს. არსებული ინფორმაციით, ხვიბლიანი ამ დროს სენაკის სამხედრო ბაზაზე იყო, სადაც წესით ტელეფონის გამოყენების საშუალება არ უნდა ჰქონოდა.

გამოგზავნილი სქრინით, ხვიბლიანის სავარაუდო ნათესავი,ზუგდიდის გამტაცებელთან ხვიბლიანის თანამზრახველობაზე ეჭვის გაქარწყლებას ცდილობდა. ძველია თუ ახალი ეს სქრინი და ვინ არის სინამდვილეში ხვიბლიანის ნათესავი გაურკვეველია.

“შეგიძლიათ გვარამიას გადაუგზავნოთ ეგ ფოტო, რომ უკან საქართველოს დროშა დევს და სისულელეების ყბედობას შეეშვას, დიდად მადლობელი ვიქნებით, ან უფრო სათვალე გამოიცვალოს რომ უკეთესად შეამჩნიოს როგორ შეიძლება ქართველი ვაჟკაცი იქცეოდეს და თვითონ ეგ რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ მძარცველთან პირველივე მძევალი იქნებოდა ვინც გაიქცეოდა კარებიდან და მისთვის ალბათ წარმოუდგენელია ვიღაცამ უანგაროდ რაღაცის გამო თავი გადადოს, ჩვენთან პატიოსან და უბრალო ხალხში მოსულია და მისთვის თუ წარმოუდგენელი იყო, რატომ დარჩა ხვიბლიანი ბოლო წამამდე მძარცველთან, ეს მის ჯარის ფორმას და მის შინაგან მეს ჰკითხოს. თქვენ სერიოზული პრობლემები გაქვთ ქალბატონო ელისო, რაღაცა ზედმეტი ეჭვებით ხართ დაავადებული, ბავშვთან მოდიოდნენ ვიღაც მაღალჩინოსნები შესახვედრად და დათო არ არის ეჭვმიტანილი, რომ ტელეფონი არ ქონდეს ჩემგან არ გესწავლებათ, ურეკავენ ოჯახის წევრები და ურეკავს ხალხი და ტელეფონი არააქვს რას ქვია, კი არ მუშაობს მანდ”, – ამბობს ხვიბლიანის ნათესავი, ელისო კილაძესთან ფეისბუქით საუბრისას.

ელისო კილაძე საეჭვოდ მიიჩნევს თუ რატომ დაუკავშირდა ხვიბლიანი ვიღაც ნათესავს, როცა დედ-მამისთვისაც არ დაურეკავს და ვინ მაღალჩინოსნებს შეხვდა ის სენაკის ბაზაზე. კილაძის თქმით, ის მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

“ადგა ჯარისკაცი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე საუკუნის ძარცვაზე, რომელზეც ამდენი კითხვებია, გამოდის ვიღაც მაღალჩინოსნებს გარეთ ხვდება და ამაზე ინფორმაცია აქვს ვიღაც ნათესავს, შეკითხვები არ უნდა გამიჩნდეს? ეჭვიანი არ უნდა ვიყო? მეტიც მე მივმართავ საგამოძიებო ორგანოების, თუ მანდ აინტერესებთ, ყველა მიმოწერა და ვოის მესიჯები ინახება ჩემს ტელეფონში, მე მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და ყველა ინფორმაცია გადავცე”, – ამბობს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, დავით ხვიბლიანი, რომელიც ზუგდიდის ძარცვის მთავარი მოწმეა, სამი დღეა ოჯახს არ უნახავს და სენაკის ბაზაზე იკითხებოდა. შსს ამტკიცებს, რომ ხვიბლიანი მძევალია, თუმცა ნიკა გვარამიას, აქვს ეჭვი, რომ ხვიბლიანი, რომელიც მას სპეცოპერაციისას დაუკავშირდა კიდეც, მძევალი არ არის და თანამზრახველია, რაზეც ნიკა გვარამიამ ვიდეოც გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: საქართველოს სახელმწიფო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა, პრაქტიკულად დაბრუნდა 90-იანები, კრიმინალიზდა ქვეყანა
შემდეგი სტატიათბილისში საკვების ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს