კიევის დამცველებმა ოკუპანტებს დედაქალაქიდან 70 კილომეტრით უკან დაახევინეს

ოკუპანტები მცდელობის მიუხედავად, დედაქალაქ კიევთან მიახლოებასა და პოზიციების შენარჩუნებას ისევ ვერ ახერხებენ – თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიევის დამცველებმა ოკუპანტები დედაქალაქიდან 70 კილომეტრით უკან დაახევინეს.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის შემოგარენში 15-მდე ხანძრის კერა გაჩნდა. ეს ის წერტილებია, რომელიც ოკუპანტებმა შეტაკებებისას გადაწვეს, მათ შორის, ადგილები, სადაც დიზელის მარაგები ინახებოდა.

ამასთანავე, ბოლო რამდენიმე საათში ახალი კადრები გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც სოფელ ზვიჟოვკაში, რომელიც დედაქალაქიდან 35 კმ-ით არის დაშორებული, სავარაუდოდ, ოკუპანტების ახალი კოლონა მიემართება.

ნიკოლაევკაში, სადაც ოკუპანტებმა სამხედრო დანაყოფზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, ყაზარმებში მყოფი 45 ადამიანი გარდაიცვალა.

რამდენიმე საჰაერო იერიში მიიტანეს ხარკოვის შემოგარენზე, მთავარი სამიზნე საცხოვრებელი კვარტლები იყო. ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულებზე.

დონეცკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში საჰაერო დაბომბვების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 10 მძიმედ დაშავდა. პირველადი ინფორმაციით, ამავე ქალაქში უკრაინამ ოკუპანტების დანაყოფი გაანადგურა, რომელიც 20 ადამიანისგან შედგებოდა.

მარიუპოლი ისევ ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. დღეს ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გახსნილიყო, თუმცა მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე არ ხერხდება. ისევ ისმის სროლის ხმა. ბოლო 24 საათში მარიუპოლის დატოვება მხოლოდ 3 000-მა ადამიანმა შეძლო. მათმა უმრავლესობამ ქალაქი ფეხით დატოვა, რადგან ოკუპანტები მანქანების გადაადგილებას ხელს უშლიდნენ.

banner
წინა სტატიაშირადას თავმჯდომარე – ნატო-ს შესახებ უკრაინის კონსტიტუციის ფორმულირება მოლაპარაკებების შემდეგ იქნება განხილული
შემდეგი სტატიარასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, საქართველოს ინტერესებში არ შედის, უკრაინაზე ხომ საუბარი ზედმეტია – გონჩარენკო