ხვიჩია – ამნისტიის პროექტის „ქართული ოცნების“ ვერსიისთვის მხარდაჭერა არ არის ტრაგედია

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ პროექტის მხარდაჭერა არაა ტრაგედია, ოპოზიციის პროექტი კი კარგად მართლა ვერ გავიგე, დიდი ხანი ვცდილობდი, მომესმინა ბატონი შავგულიძისთვის, მაგრამ ვერ გავიგე და კიდევ დაკვირვებით წავიკითხავ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ამნისტიის კანონპროექტის არც ოპოზიციისა და არც „ქართული ოცნების“ ვერსია „არაფერს აფუჭებს“.

„გააჩნია, ჩვენ რა გვინდა ამ შეთანხმების შედეგად. თუ ჩვენ გვინდა შერიგება, ერთი რაღაც უნდა გავაკეთოთ. თუ არ გვინდა შერიგება, გვინდა, 20 ივნისი კიდევ გაგრძელდეს ხალხის ცნობიერებაში, ერთმანეთს 20 ივნისები და 7 ნოემბრები ვაძახოთ, მაშინ საერთოდ არ გვჭირდება ამნისტია, არც იმ და არც სხვა მუხლის.

ჩვენ ჯერ უნდა შევთანხმდეთ კონკრეტულ ადამიანებზე, ვინც უნდა დაისაჯოს, ვის დასჯას ვაპირებთ, მოდი, განვიხილოთ, არიან თუ არა ეს ადამიანები დასასჯელები და შევძლებთ თუ არა აქ მყოფი მათთვისრამის პატიებას.

გუშინ, ვესწრებოდი ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ დისპუტს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ პროექტის მხარდაჭერა არაა ტრაგედია, ოპოზიციის პროექტი კი კარგად მართლა ვერ გავიგე, დიდი ხანი ვცდილობდი, მომესმინა ბატონი შავგულიძისთვის, მაგრამ ვერ გავიგე და კიდევ დაკვირვებით წავიკითხავ. განსხვავებასაც ვერ ვხედავ, მგონია, რომ კონფლიქტი რომ არსებობდეს და ვიღაც იყოს გამარჯვებული, მხოლოდ ამისთვის არსებობს ეს დისპუტი. სინამდვილეში არაფერს აფუჭებს არც ერთი და არც მეორე ვერსია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიას შეფასებით, დაზარალებულის თანხმობის შესახებ ჩანაწერით დამატებითი კონფლიქტის წყარო გაჩნდება.

„რაც შეეხება დაზარალებულის თანხმობის შესახებ ჩანაწერს, წარმოიდგინეთ, ნიკა მელიას ქმედებითაც ფორმალურად ვიღაც არის დაზარალებული, ვთქვათ, პოლიციელი და ჩვენ ნიკა მელიას ამნისტია შევახოთ და მოვითხოვოთ დაზარალებული პოლიციელების თანხმობა, კიდევ დამატებითი კონფლიქტის გაღვივების წყაროს გავაჩენთ.

ჩემი აზრით, ჩვენ იმ დანაშაულებზე, სადაც დაზარალებულის აზრი მართლა მნიშვნელოვანია, ვგულისხმობ, მაკო გომურის შემთხვევის მსგავსს, სადაც ადამიანებს მძიმე ფიზიკური ზიანი მიადგათ, ამ შემთხვევებს საერთოდ არ უნდა შევახოთ ამნისტია და არც დაზარალებულს არ უნდა მოვთხოვოთ რამის გაკეთება. თუ უნდა, ისე აპატიოს, მაგრამ სხვა ადამიანებს, ვისაც რაღაც მოარტყეს თავში, ერთმანეთი რომ გალახეს ადამიანებმა, ეგ ნაწილი უნდა მივუტევოთ, ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოს სასამართლომ ENKA დააჯარიმა
შემდეგი სტატიავიოლა ფონ კრამონი – საქართველოს პრეზიდენტმა რთული, მაგრამ საჭირო ნაბიჯი გადადგა გიორგი რურუას შეწყალებით