“ყველა დეპუტატი,რომელიც მელიასთვის უფლებამისილების შეჩერებას მხარს დაუჭერს, „უღირსთა დაფაზე“ გამოიკვრება”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლმა რომან გოცირიძემ თანაგუნდელ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეყვეტის საკითხზე დაგეგმილ კენჭისყრაზე გააკეთა კომენტარი.

გოცირიძის თქმით, ყველა დეპუტატის სახელი და გვარი, რომელიც მელიასთვის უფლებამისილების შეჩერებას მხარს დაუჭერს, „უღირსთა დაფაზე“ გამოიკვრება.

გოცირიძის განცხადებით, უფლებამოსილების შეწყვეტა არაკონსტიტუციური იქნება იმ მოცემულობაში, როცა ზემდგომ ინსტანციებს ნიკა მელიასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჯერ არ უმსჯელიათ.

„ახლა ეკრანს ვუყურებ და ველოდები გადაწყვეტილებას, თუ კენჭისყრისას ვინ როგორ მისცემს ხმას. ყველა დეპუტატი, რომელიც მხარს დაუჭერს მელიას უფლებამისილების შეჩერებას, იქნება სამარცხვინო დაფაზე გამოკრული. მე პირადად ამ კედელზე გავაკრავ და ფლომასტერით დავაწერ „უღირსთა დაფა“. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთი კაცის ბრძანებას ემორჩილებიან. დღეს იქნება არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, ვინაიდან წინ არის კიდევ მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლო.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას სასამართლო გაამართლებს, ესენი ამბობენ, მაშინ პარლამენტში კვლვ დავაბრუნებთ და განაცდურის კონპენსაციას მივცემთიო. ასეთი ცინიკური განმარტებები გააკეთეს. ასევე უნდათ ძალიან გააუბრალოონ დღეს ნიკა მელიას პარლამენტიდან გაშვების კენჭისყრა და ამბობენ, რომ ეს ფორმალური და ტექნიკური მხარეა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არ მისცემს საჭირო რაოდენობა ხმას, მაშინ ნიკა მელია პარლამენტში დარჩება.

მსგავსი პრეცენდენტი საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში იყო. იყო ასეთი დეპუტატი, ნოდარ ჯავახიშვილი, რომელმაც რაღაც დანაშაული ჩაიდინა და სანამ ის დეპუტატი იყო, ფაქტობრივად მას უფლებამოსილება არ შეუჩერეს, დეპუტატობის ვადის გასვლის შემდეგ იყო გამოყენებული საპატიმრო სანქცია“, – განაცხადა რომან გოცირძემ.

დეპუტატის აზრით, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ზიანი მიიღო.

„ერთის მხრივ ნიკა მელიას დევნისა და პარლამენტიდან გაძევების სახით, მეორეს მხრივ იმ მოსამართლეების დანიშვნით, რომლებიც პირდაპირ მოემსახურებიან ივანიშვილს და მის კლანს. ფაქტობრივად, აუნაზღაურებელი პოლიტიკური ზიანი მიიღო პირადად ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“.

ამას დამატებული ის საპროტესტო აქციები, რაც იმართება პროპორციული არჩევნების თემაზე ივანიშვილის ტყუილთან დაკავშირებით. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოშლილია და დაემსგავსა ასლან აბაშიძის მოქალაქეთა კავშირის პერიოდს. „ქართული ოცნება“ დღეს „მონკავშირად“ გადაიქცა.

23 დეპუტატი, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, დღეს არის ბედნიერი, რადგან მათ არ მოუწევთ იმ ღილაკზე ხელის დაჭერა, რომელსაც უღირსობა ჰქვია. სხვა დეპუტატებსაც აქვთ შანსი, თავიანთი შეცდომა გამოასწორონ და ამ ღილაკს ხელი არ დააჭირონ. ამ ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მათ შუბლზე დამღა გამოესახებათ, რომელსაც ვერასდროს ჩამოიცილებენ. ვერც საკუთარ ოჯახში, ვერც ქუჩაში და მათი სამომავლო პოლიტიკური პერსპექტივა ნული იქნება. ეს ადამიანები შევლენ საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, როგორც მორჩილი სამარცხვინო პიროვნებები“ ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში„მაქსიმალურად თქვენი უსაფრთხოება დღესაც იქნება დაცული”-თალაკვაძე ჟურნალისტებს
შემდეგი სტატია“ეს უმრავლესობა და პარლამენტი ყარს”-თინა ბოკუჩავა