“ხვდება, რომ იმერეთში კატასტროფულად აგებენ არჩევნებს და ფიქრობს, ახლა რითი მოატყუოს ქუთაისელები“

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეის ავტორი მიხეილ სააკაშვილი “კურიერის” პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილის მიერ ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქალაქ ქუთაისში მშენებლობის იდეას მორიგ სატყუარად აფასებს, რაც მისი თქმით, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება და იმ დაბალ რეიტინგს, რომელიც “ქართულ ოცნებას” დასავლეთ საქართველოში აქვს.

“ბიძინა ივანიშვილმა გააჩერა ამერიკული მასწავლებლის პროგრამა, მან გააჩერა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, მან გაუშვა ამერიკული კონსორციუმი აქედან, მან გააჩერა დიზაინის ინსტიტუტის პროგრამა და პრაქტიკულად დაანგრია სამხედრო წარმოება, რომელიც იყო საოცრება, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმოება მსოფლიოში. პატარა მასშტაბების, მაგრამ საქართველოს შეეძლო, 700 მილიონი დოლარის წარმოება გაეკეთებინა. ამ კაცს აქვს გამოცდილება ყველაფრის გაჩერების და დანგრევის. დღეს ხვდება, რომ იმერეთში კატასტროფულად აგებენ არჩევნებს, ქუთაისში მძიმე მდგომარეობა აქვს და ფიქრობს, ახლა რითი მოატყუოს ქუთაისელები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა “კურიერის” პირდაპირ ეთერში თავის დროზე მისი ინიციატივით ბათუმში აშენებულ ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის აშენების დახმარებისთვის მან სწორედ ივანიშვილს მიმართა, თუმცა რამდენიმე წელი მისგან ტყუილები ისმინა და ბოლოს აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხით განახორციელა იდეა.

„ქართველებმა მიიღეს 2012 წელს ეს გადაწყვეტილება, რადგან უკეთესი ცხოვრება სურდათ და როგორ გინდა, არ დაიჯერო 7 მილიარდის პატრონის დაპირებებს. მე რომ ვყოფილიყავი ჩვეულებრივი მოქალაქე, შეიძლება, მეც დამეჯერებინა, მაგრამ დღეს უკვე 4 წლის ფონზე, როდესაც ის ქართველებს ისევ ეძახის “მოუმწიფარებს”, “ჭყინტებს”, “ანალიზის არმქონეს” და იძახის, რომ მარტო მან იცის ყველაფერი კარგად, ვფიქრობ, მას თავად სურს დაიჯეროს, რომ ქართველები უინტელექტო ხალხია და მას შეუძლია, ნებისმიერ დროს მათი მოტყუება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მოვუწოდებ ყველა ევროპელ მოთამაშეს, ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვიტონ”
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატმა და 270-მდე წევრმა პარტია დატოვა