„ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს კონკრეტული კითხვებით მიმართა.
როგორც დეპუტატმა განმარტა, საგარეო საქმეთა მინისტრისგან მოისმინა კონკრეტული განცხადებები, მაგრამ ვერცერთი კონკრეტული პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეშველებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც დატოვეს საკუთარი სამშობლო, ოჯახი, შვილები, მოხუცი მშობლები და იმ სოციალური თუ ეკონომიკური ვითარების გამო, რომელიც საქართველოშია, გადაიხვეწნენ სამშობლოდან ძალიან შორს.
„ამ ადამიანებს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მინისტრმა და “ქართულმა ოცნებამ” უპასუხა, რომ პრაქტიკულად, არაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ იმ ქალაქებში, სადაც ჩვენი მოქალაქეების კონცენტრაციაა, გახსნან საარჩევნო უბნები, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ართმევენ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას. ამიტომ, მე ვაგრძელებ ამ თემას, რადგან ძალიან ბევრი ემიგრანტი გვწერს, რომ მათ არ აქვთ საშუალება, ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადაფრინდნენ, ან ეკონომიკური ვითარების ან დროის უქონლობის გამო”, – აღნიშნა დეკანოიძემ.
როგორც დეპუტატის მიერ, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან მიმართულ წერილშია ნათქვამი, ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების შესაძლებლობის გაზრდისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობა მართებს.
„საარჩევნო უფლება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლითაა გარანტირებული. სახელმწიფოს ვალდებულებაა მოქალაქეთათვის უზრუნველყოს უფლების ხელმისაწვდომობა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სახელმწიფოებს მაქსიმალურად უზრუნველყონ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნებში ჩართულობა. ამ ფონზე, ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნამდე ძალიან დიდი მანძილის გავლა, გამოწვევაა მათი ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი არჩევნებში მონაწილეობისთვის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, ეს ფაქტორები კი უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხელს უშლით საარჩევნო უფლების გამოყენებაში.
საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 37 ქვეყანაში 50 უბანი იყო გახსნილი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 12 247-მა ემიგრანტმა, რაც ძალიან დაბალი რიცხვია მაშინ, როცა სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, ქვეყნიდან მილიონამდე ადამიანია საზღვარგარეთ გასული. აქტივობის ეს რიცხვი ადასტურებს, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ხელმისაწვდომობას.
ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების შესაძლებლობის გაზრდისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობა მართებს.
საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
უცხოეთის რომელ ქალაქებშია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, სადაც დღეის მდგომარეობით შეიძლება გაიხსნას საარჩევნო უბნები?
საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე თითოეულ ამ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში? (გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ კონკრეტულად რომელ ქალაქში/ ქვეყანაში რამდენი მოქალაქე იმყოფება აღრიცხვაზე)
საგარეო საქმეთა სამინისტრო გახსნის თუ არა დიპლომატიურ წარმომადგენლობებს (თუნდაც დროებითი დიპლომატიური წარმომადგენლობა საარჩევნო მიზნებისთვის) იმ ქვეყნებსა და ქალაქებში, სადაც საქართველოს მოქალაქეები (სულ მცირე 50 მოქალაქე) მოითხოვენ საარჩევნო უბნის გახსნას?
საგარეო საქმეთა სამინისტროს გეგმავს თუ არა ემიგრანტებისთვის საინფორმაციო კამპანიების წარმოებას მათი არჩევნებში მონაწილეობის გაზრდის მიზნით (მათ შორის, საინფორმაციო კამპანიებს საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან) თუ გეგმავს, რა ტიპის აქტივობებია დაგეგმილი?”, – ნათქვამია წერილში.