“ხალხის ძალა ხართ თქვენ, ხალხის ძალა დგას აქ! არავინ დავიშლებით სანამ ბოლო მოქალაქემდე თავისუფალი არ იქნება”- ლომჯარია

“133 ჩვენი მოქალაქეა დაკავებული, არავინ არ დავიშლებით სანამ ბოლო მოქალაქემდე თავისუფალი არ იქნება”, – თქვა ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, დროა, “ხალხის ძალამ” შეიცვალოს სახელი და დაირქვას “ხალხის სირცხვილი”.

“დღეს ხელისუფლებას მოუწია, უარი ეთქვა ამ კანონზე, ეს არის თქვენი პირველი გამარჯვება. მადლობა ამისთვის. 133 ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც მშვიდობიანად იდგენ გუშინ აქციაზე სანამ მათ წინააღმდეგ არ იქნა გამოყენებული არალეგიტიმური ძალა… დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა დაკავებული, არავინ არ დავიშლებით სანამ ბოლო მოქალაქემდე თავისუფალი არ იქნება, ამას დღესვე ველოდებით. მეორე მოთხოვნა, დაუყოვნებლივ უყარეთ კენჭი ამ საზიზღარი რუსული კანონის გაუქმებას, არცერთი დღე არ უნდა იყოს ეს რუსული კანონი საქართველოს პარლამენტში. მე დავამატებდი ჩემს მოთხოვნას, შეიცვალოს “ხალხის ძალამ” სახელი და დაირქვას “ხალხის სირცხვილი”. ხალხის ძალა ხართ თქვენ, ხალხის ძალა დგას აქ…

ახლა ამბობენ, რომ პროპაგანდა უნდა აწარმოონ, მივიდნენ მოქალაქეებთან და დაარწმუნონ, თუ რა კარგია თურმე რუსული კანონი. ვერსად ვერ მიხვალთ და სადაც მიხვალთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ტვინი გამოურეცხოთ, ყველგან დაგხვდებათ ხალხის ძალა. ქართველი ხალხის სირცხვილი ხართ თქვენ, ჩვენ საქართველოს მოქალაქეები მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ჩვენ მთელ მსოფლიოს და ევროპას დავანახებთ, თუ როგორი ევროპელები ვართ და როგორ ვიბრძვით თავისუფლებისთვის..ჩვენ ვიმსახურებთ ადგილს ევროპაში და ჩვენ დავიმკვიდრებთ, ჩვენს ღირსეულ ადგილს ევროპაში”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიფოტოფაქტი-09.03.2023
შემდეგი სტატიაშსს: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა