,,ხალხი აკრიტიკებს,ლანძღავს ეკლესიას არა იმიტომ, რომ სავაჭრო ცენტრად აქცია ტაძრები, არამედ, რადგან იქედან გამოყარა”

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

ჯვრის მონასტრის დახურვის ფაქტს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია ვრცელი პოსტით ეხმაურება. ,,თაიმერი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,ხალხო, ცოტა რომ დაფიქრდეთ, არ გინდათ?

საპატრიარქოს პოზიციების ადვოკატობას რომ არ ვაპირებ, კი იცით, მაგრამ ობიექტურობის და სიმართლის დადგენის სურვილი მოითხოვს სწორად დავინახოთ მოვლენები.

დავიწყოთ ტერმინოლოგიით. დიახ, მონასტერში მოღვაწე თუ მომსახურე ბერთა ერთობას საძმო ჰქვია და ამაში არაფერია დასაცინი. ეს დადგინდა იმ ბოზბანდებზე მრავალი საუკუნით ადრე, რომელნიც თქვენ ამ დასახელებით გახსოვთ 90-იანი წლებიდან. აბა, რა გეგონათ ახლა, ბერთა ერთობას კოლეგიალობა ეწოდებოდა თუ შტაბი? სწორედ საძმო ეწოდება, რადგან მათ ერთმანეთთან სულიერი ძმობა და ღმერთის წინაშე თანასწორობა აკავშირებთ და აქ არაფერია დასაცინი ან უჩვეულო.

ყველას გვინახავს, როგორი გაცხოველებული აღებ-მიცემობაა ეკკლესია-მონასტრებში გაჩაღებული. ქრისტემ რომ ვაჭრები გამოყარა ეკლესიიდან, დღევანდელ ქართველ მოვაჭრეებთან შედარებით უმანკო კრავები არიან. ნებისმიერი მორწმუნისათვის ეს საშინელი და მიუღებელი უნდა იყოს, ისევე როგორც ტაძრების შესასვლელში ჩასაფრებული მათხოვრები, რომელთაც არც რიდი აქვთ, არც კდემა, არც მოწყალების მოხვეჭის უნარი და შარაგზის ყაჩაღებივით იქცევიან!

ჩემთვის პირადად, კრიტიკისა და ეჭვის საფუძველი სწორედ ეკლესიის ურეაქციობა იყო ამ ყველაფერზე. ავი ენები იმასაც ამბობდნენ, არცთუ უსასყიდლო იყოო ამ ვაჭრობის ნებართვა. მაგრამ აგერ, საოცრება! ხალხი აკრიტიკებს,ლანძღავს ეკლესიას არა იმიტომ, რომ სავაჭრო ცენტრად აქცია ტაძრები, არამედ, რადგან იქედან გამოყარა!

მოკლედ, მხოლოდ ერთსღა ვიტყვი: როგორც კორუმპირებული პოლიტიკოსები და ტირანები ღვიძლი შვილები, ქმნილებანი არიან თავიანთი საზოგადოებისა, ეგრეც გავაჭრებული, გაზულუქებული მღვდლები იმ ერის უსიტყვო დაკვეთას ასრულებენ, რომელსაც წარმოადგენენ. და დღეს ეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა…”- წერს სოციალურ ქსელში პირველი პრეზიდენტის ვაჟი.

banner
წინა სტატიაში,,არ მომწონს, როცა ჩვენს სალოცავებთან სავაჭრო დაწესებულებებია”
შემდეგი სტატიავერაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა