ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლას არ აპირებს

ხათუნა სამნიძეს შეუძლია, თქვას და გააკეთოს ის, რაც უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლას არ აპირებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არც პარლამენტში შევა და არც მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება, თუ განხილვის თემა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რაც უკავშირდება მხოლოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი არ აპირებს ერთჯერადად, ორჯერადად ან მრავალჯერადად პარლამენტის მანდატის გამოყენებას და პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას მარტივი რამის გამო – ჩვენ უკვე დეკემბერში დავწერეთ განცხადებები საკუთარი უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დეკემბრიდან ჩვენ აღარ ვართ პარლამენტის წევრები, ეს მხოლოდ კობახიძის და თალაკვაძის თავში მოიხარშა, რომ ნაძალადევად უნდა ვიყოთ პარლამენტის წევრები.

რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“, მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება, იფიქრონ ისე, როგორც თავად თვლიან საჭიროდ. ჩვენ მკაფიო პოზიცია გვაქვს, არანაირად არ შევდივართ პარლამენტში და არც მოლაპარაკებაზე დავსხდებით, თუ ეს საკითხი არ იქნება დაკავშირებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, დეკემბერში მანდატის გაუქმებაზე განცხადების დაწერა და ახლა პარლამენტში შესვლა მისი მხრიდან საკუთარ თავზე გადაბიჯება იქნება.

„ჩვენ, ვინც განცხადებები დავწერეთ, არ ვართ ბოიკოტის რეჟიმში. შეიძლება იყოს აღიარო პარლამენტი და იყო ბოიკოტის რეჟიმში, ეს არის ბოიკოტი. ჩვენ ბოიკოტში კი არ ვართ, არალეგიტიმურად მივიჩნევთ პარლამენტს. შესაბამისად, იმის ბოიკოტირება, რაც არალეგიტიმურია, შეუძლებელია. როგორ უნდა ვთქვა, რომ გუშინ განცხადება დავწერე, მაგრამ ახლა შევალ პარლამენტში და რამე საქმიანობას განვახორციელებ-მეთქი, ამით ხომ საკუთარ თავს გადავაბიჯებ. ამიტომ ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას არ ვაპირებთ. დანარჩენი კონკრეტული სუბიექტები თავად თუ რაიმეს გადაწყვეტენ, ეს არის მათი უფლება.

ქალბატონ ხათუნას შეუძლია თქვას ის, რაც უნდა, გააკეთოს ის რაც უნდა, იფიქროს ის, რაც უნდა, თუმცა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი არ აპირებს პარლამენტში შესვლას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი: ხელისუფლებამ ოპოზიციას მძევლად აყვანა დაუპირა და მას საკუთარ დაგებულ მახეში მოუწევს გაბმა
შემდეგი სტატია„ლელო“ პარლამენტში მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში შევა