დავით ბერძენიშვილი: ხელისუფლებამ ოპოზიციას მძევლად აყვანა დაუპირა და მას საკუთარ დაგებულ მახეში მოუწევს გაბმა

ჩვენ პოლიტიკური ინტელექტით ვუგებთ ხელისუფლებას – ხელისუფლებამ ოპოზიციას მძევლად აყვანა დაუპირა და მას საკუთარ დაგებულ მახეში მოუწევს გაბმა,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით ბერძენიშვილმა ხათუნა სამნიძის ინიციატივასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, კენჭისყრაში მონაწილეობა პარლამენტში შესვლას არ გულისხმობს.

„ხომ თქვა ბატონმა მდინარაძემ, მზად ვართ, განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილება, დავარეგისტრიროთ უბარიერო და 150 პროპორციული, მანდ ვართ ჩვენც, დაარეგისტრირეთ. ჩვენი დეპუტატები არ დეპუტატობენ, არც სამნიძე და არც კორძაია უარს არ ამბობენ საკუთარ განცხადებებზე და მოითხოვენ ხელისუფლებისგან, რომ მათ უფლებამოსილება შეუწყდეთ. ხელისუფლებამ ისინი სხვა ოპოზიციონერებთან ერთად გადაიყვანა ე.წ. პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში, ანუ დატოვა დეპუტატებად. თუ ის ასე აპირებს თამაშს და ამბობს, რომ აი, შემოდით პარლამენტში, დავარეგისტრირებთ და განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილება, ჩვენ ვეუბნებით – არ შემოვდივართ პარლამენტში, დაარეგისტრირეთ და კენჭისყრის დროს ხმას მივცემთ. მანამდე სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც, დარწმუნებული ვარ, დავითანხმებთ. ეს იქნება მომავლის კენჭისყრა, რომ საქართველოში იყოს არა 5%-იანი ბარიერი, უბლოკო და პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია – ხელისუფლება და მისი მონიშნული ოპოზიცია, არამედ იყოს მრავალპარტიული პარლამენტი. ამ კენჭისყრების შემდეგ „რესპუბლიკელები“ არ აპირებენ დეპუტატობას. ისინი პარლამენტში ნაწილ-ნაწილ კი არ შედიან. ეს არის ჩვენი ინიციატივა, ეს არის წაუგებელი თამაში. აქ არის აშკარად პოლიტიკური ინტელექტის უპირატესობა გამოვლენილი. ხელისუფლება ამ დღეშია – ან მისი სიტყვები უკან უნდა წაიღოს და აღარ დაარეგისტრიროს და ამით გამოჩნდება რომ ვამხილეთ, ან დაარეგისტრიროს“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამასთან, დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობით ოპოზიცია მომავლის კანონს მიიღებს.

„დარწმუნებული ვართ, ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში კი არ შევა, მომავლის კანონს მიიღებს. ეს არ ხსნის დღის წესრიგიდან არც ვადამდელ არჩევნებს, არც არჩევნების გაყალბებას, არც პოლიტპატიმრების საკითხს. ოპოზიციას ხელისუფლებასთან მრავალი ფრონტი გვაქვს და ერთ-ერთ ფრონტზე, საკონსტიტუციო ცვლილებების ფრონტზე გადავდივართ კონტრშეტევაზე.

დანარჩენ ოპოზიციას საჯაროდ მივმართავთ. არმაზ ახვლედიანმა უკვე საჯაროდ პოზიტიური განწყობა გამოხატა, დანარჩენებთან გვექნება საუბარი და თუ ვინმე პროპაგანდისტული მიზნებით შემოტევას დააპირებს, რამენაირად შევძლებთ პასუხის გაცემას“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიავტომანქანებს საქართველოს სახელმწიფო ნომრით, ოკუპირებულ რეგიონში გადაადგილების უფლება მისცეს
შემდეგი სტატიახაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლას არ აპირებს