ხაბეიშვილი – მიხეილ სააკაშვილის დაკავება ხახვივით არავის შერჩება

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე, თბილისსა და სხვა ქალაქებში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური აქციები გაიმართება.

“მინდა დავპირდე ბიძინა ივანიშვილსაც და ღარიბაშვილსაც, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება ხახვივით არავის შერჩება, მათ შორის, მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ძალიან მალე დედაქალაქში და სხვადასხვა რეგიონში იქნება მასშტაბური აქცია, ორი მთავარი მოთხოვნით: თავისუფლება მიშა სააკაშვილს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელს, სრულიად უვნებელს უნდა შეეძლოს საარჩევნო კამპანიაში თავისუფლად ჩართვა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც აუცილებლად იქნება 2022 წელს. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე, მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, როგორც დედაქალაქში, ასევე სხვადასხვა რეგიონში, რა თქმა უნდა, იქნება მასშტაბური აქციები. კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობა” საზოგადოებას აუცილებლად შეატყობინებს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის გამო „თმის ღერიც, რომ ჩამოუვარდეს, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციის მარიონეტულ რეჟიმს საქართველოში, ოლიგარქ ივანიშვილის ხელმძღვანელობით”.

“ჩვენმა მოქალაქეებმა, საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა. სრულიად უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდა უკრაინაში, დაფასებულიც იყო, თანამდებობაც ჰქონდა და მან გადადგა ეს კონკრეტული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება. და რატომ? იმიტომ კი არა, რომ სააკაშვილს უჭირდა ან პირველადი მოხმარების პრობლემები ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს მოქალაქეებს უჭირთ, გაუსაძლისი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა, იმიტომ, რომ ქვეყანაში სამართალი აღარ არსებობს, იმიტომ, რომ ყოველდღიურად ახალგაზრდებს კლავენ. ქვეყანა წაიღო კრიმინალმა, კორუფციამ, წალეკა ივანიშვილი ოლიგარქიულმა რეჟიმმა და შესაბამისად, სააკაშვილმა გაწირა საკუთარი თავი და ჯანმრთელობა. რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის შიმშილობას, ფაქტია, მას რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციის, მარიონეტული რეჟიმს, აქ უკვე საქართველოში ოლიგარქი ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ის, რომ სააკაშვილს სატელეფონო ზარის განხორციელების საშუალებას არ აძლევენ, არ აძლევენ საშუალებას, რომ მისმა თანაპარტიელებმა, ვისაც ამის სრული ლეგიტიმური უფლება გვაქვს, მათ შორის, როგორც პარლამენტის წევრს, მაგალითად მე, არ მეძლევა შესაძლებლობა შევხდე მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ფეხები უკანკალებს ივანიშვილსაც და ღარიბაშვილსაც პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის მიმართაც კი. ამიტომაც რთულია სამართლიანობაზე ისაუბრო ისეთ ქვეყანაში, სადაც თენგიზ კიტოვანი რუსთაველზე თავისუფლად გადაადგილდება და ამასობაში მესამე პრეზიდენტი ჰყავთ გამომწყვდეული, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შექმნა თანამედროვე სახელმწიფო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

წინა სტატიაშიგაბუნია – ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია