კარასინი: მოსკოვი თანამშრომლობისთვის მზადაა და ქართული მხარის ადეკვატურ რეაქციას ელოდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენასა და ქვეყნებს შორის ჰუმანიტარული კავშირების გამყარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კავშირების ნორმალიზაციის ტენდენცია რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, „როდესაც მიხეილ სააკაშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო და ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდა“. როგორც კარასინმა აღნიშნა, ამის შემდეგ თბილისისა და მოსკოვის საერთო ძალისხმევით, „ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში ხელშესახები შედეგების მიღწევა და ჰუმანიტარული კავშირების გამყარება გახდა შესაძლებელი”.

„მხოლოდ 2017 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 30%-ზე მეტით გაიზარდა. რუსეთი საქართველოსთვის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და მისი პროდუქციის, პირველ რიგში ღვინის გასაღების მთავარი ბაზარი გახდა“, – განაცხადა კარასინმა.

მისი თქმით, ახლა „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია იგეგმება, რაც საზღვრის გადალახვას გაამარტივებს.

კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ „მომავალ წელს ამ პოზიტიური ტენდენციების განვითარება მოხერხდება“, და აღნიშნა, რომ „მოსკოვი მზად არის ყოველმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობისთვის“ და „ქართული მხარის ადეკვატური რეაქციის იმედი აქვს“.

banner
წინა სტატიაშითეთრი ხმაური: იმედი გვაქვს, ხელისუფლება გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს
შემდეგი სტატიაპენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება