პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ეხება უცხოურ გავლენას, ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.
ანდრიუს კალინდრა ამბობს, რომ სჯერა, საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც გაფართოების განახლებულ პროცესს შეეხება.
„საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, იმ გაგებით, რომ საქართველო შეასრულებს ევროკომისიის მიერ გაწერილი ცხრა ნაბიჯს. საქართველო დღეს ნამდვილად ისე ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს. ამ ცხრა ნაბიჯს შორის საქართველოს შესთავაზეს ბრძოლა დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და ჩარევასთან, რომელიც მიმართულია ევროკავშირის წინააღმდეგ და სამოქალაქო საზოგადოება უნდა ფუნქციონირებდეს თავისუფლად. ამ კონტექსტში პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ეხება უცხოურ გავლენას, ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. ამასთან ერთად, ჩვენ მაინც გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობების ფანჯარას, რრომელიც გაფართოების განახლებულ პროცესს შეეხება“, – განაცხადა ლიეტუვის ელჩმა.