არასდროს ვიკადრებ და გავბედავ, რომ ვიღაცას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დავემუქრო ოჯახით, შვილებით, არ არის ეს სწორი ფორმა, ეს ადამიანები აგრძელებენ იმ მეთოდებით მუშაობას, ბრძოლას, სადაც წესები არ არსებობს, ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, არ შეიძლება, ადამიანს იმ გამო დაუპირისპირდე, რომ მას განსხვავებული აზრი აქვს.
პრეტენზია გვაქვს ევროპელობაზე, მაგრამ განსხვავებული აზრი მოსმენის მიმღებლობა არ გვაქვს. მე მაქვს ყველა მასალა იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორი შეურაცხყოფა მიდიოდა ჩვენს ფეხბურთელებზე, თავისი სქრინებით, სახელებით, გვარებით. ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ ევროპულ ღირებულებებთან, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, ის, რასაც ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ. როგორ შეიძლება, განსხვავებული მოსაზრების გამო ადამიანს უწოდო მოღალატე ან დააბულინგო იმისთვის, რომ რაღაც აზრი დააფიქსიროს. შეიძლება, მას დისტანცირება უნდა კონკრეტული საკითხისგან, შეიძლება, ვერ ერკვევა, შენ რატომ ძალადობ ფსიქოლოგიურად და რატომ გინდა, ეს ადამიანი დააბულინგო, დაემუქრო.
იგივე ტელეფონის ნომრების გამოქვეყნება, მე მომიწია, შემეცვალა ტელეფონი მაგრამ არ გამითიშავს. ყველა ნომრის იდენტიფიცირება ხდება, ვინ არიან და რას წარმომადგენენ ეს ადამიანები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველა ამ ადამიანის შესახებ. მე არასდროს ვიკადრებ და გავბედავ, რომ ვიღაცას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს და ამის გამო დავემუქრო ოჯახით, შვილებით. არ არის ეს სწორი ფორმა. ეს ადამიანები აგრძელებენ იმ მეთოდებით მუშაობას, ბრძოლას, სადაც წესები არ არსებობს, ყველაფერს კადრულობენ, ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი, რაც უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა კალაძემ.