კახა მიქაია: ჩვენ არ გვაინტერესებს, რას დაგვაბრალებენ ბოტები, ვალინკები, კალოშები და რუსული ჩექმები

კახა მიქაია გუბერნატორს მიმართავს–რა მოხდა ზიგდიდში

“ოცნებას”პოლიტიკური ნება რომ გამოეჩინა, გამსახურდიას მკვლელობის საქმე უკვე გამოძიებული იქნებოდა”
კახა მიქაია: “ივანიშვილი გონს თუ მოეგება, მას “დაიცავი საქართველოში” რიგით წევრად მივიღებთ”
შორენა მარსაგიშვილი

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოშირეიტინგ და პარტიაშერყეული ბიძინა ივანიშვილი პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმით დაინტერესდა. ხელისუფლებაში მოსვლიდან მეშვიდე წელს გაიგო მან, რომ პირველი პრეზიდენტის საქმე გამოძიებული არ არის.
გამსახურდიასთან დაკავშირებით გაკეთებულმა საგანგებო განცხადებამ ბევრი კითხვა გააჩინა. საზოგადოებას აინტერესებს, რატომ მაინცდამაინც ზუგდიდის მერის ვადამდელი არჩევნების წინ გაახსენდა პარტიაშერყეულ ივანიშვილს პირველი პრეზიდენტის საქმე. რამდენიმე თვის წინ გამსახურდიას შვილებმა -ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა პროკურატურასთან შიმშილობაც კი დაიწყეს. მათი აქცია კარგა ხანს გაგრძელდა, მაგრამ მაშინ მთავარ მეოცნებეს ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია გამსახურდიაზე.

რას უკავშირდება გამსახურდიას თემის გააქტიურება, მოხდება თუ არა პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიება, რატომ უნდა დავიცვათ საქართველო ივანიშვილი-სააკაშვილის დაპირისპირებისაგან? _ ამის შესახებ “ახალ თაობას” “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია ესაუბრა.

_ ბიძინა ივანიშვილმა ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. ეს პირველი პრეზიდენტის იუბილეს უკავშირდება -31 მარტს გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა, თუ “ოცნების” რეიტინგის რყევით არის გამოწვეული? ფაქტია, რომ მთავარ მეოცნებეს პირველი პრეზიდენტი აქამდე არ გახსენებია.
_ პასუხი არის ძალიან მარტივი -“ქართულ ოცნებას” ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ნება რომ გამოეჩინა, ივანიშვილს ახლა არ მოუხდებოდა ამ განცხადების გაკეთება.
ამის მიუხედავად, მის განცხადებას პოზიტიურად ვაფასებ. ძალიან კარგია, რომ დაწერა და სიმართლე თქვა. მომავალში მაინც თუ გამოიჩენს ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიება არის ძალიან მარტივი.
თავად ეს განცხადება პოლიტიკური მოსაზრებებით გააკეთა ივანიშვილმა, რადგან მის “ოცნებას” ძალიან უჭირს.
_ ხალხი დაიჯერებს მის სიტყვებს? ჩვენში ტრადიციად იქცა, რომ ხელისუფლებები რეიტინგის ვარდნისას და არჩევნების წინ იწყებენ გახმაურებულ მკვლელობებზე საუბარს.
_ ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ გამსახურდიას მკვლელობის საქმე გაიხსნას. ეს საქმე თუ გახსნა ივანიშვილმა, ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვეთანხმები “ოცნების” ლიდერს, რომელიც ამბობს, რომ სირცხვილია, ამდენი წლის მანძილზე პირველი პრეზიდენტის და ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლოს საქმე არ იყოს გახსნილი.
შეიძლება ამ თემის გააქტიურება საარჩევნოდ ხმების მოგროვებას ისახავს მიზნად, მაგრამ მთავარია, საქმე გაიხსნას. ამით კმაყოფილები იქნებიან მისი მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც.
ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლოს მკვლელობის საქმის გახსნა ყოველგვარ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე მაღლა დგას.
_ ვთქვათ, დაადგინეს, ვინ მოკლა გამსახურდია. მოხდება თუ არა მკვლელების დასჯა? ამ საქმის ბევრი ფიგურანტი ალბათ ცოცხალი აღარ არის. პირველი პრეზიდენტის მკვლელობიდან 25 წელზე მეტი გავიდა.
_ ბევრი შეიძლება მართლა აღარ არის ცოცხალი, მაგრამ სიმართლის დადგენა აუცილებელია. ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რა პირობებში და ვის მიერ მოხდა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია.
“ოცნების” ხელისუფლებამ ერთი რამ უკვე გააკეთა- თვითმკვლელობის მუხლი მკვლელობის მუხლით შეცვალა. იმედი მაქვს, რომ საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული.
_ ამ საქმის გამოძიების განახლება ყურადღების გადასატანად ხომ არ მოხდება? თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებამაც გადაიტანა ამ თემით ხალხის ყურადღება.
_ მიხეილ სააკაშვილმა ამ საქმის გამოძიებაც დაიწყო და გამსახურდია ეროვნულ გმირადაც გამოაცხადა. ეს მიშას მხრიდან პიარსვლა იყო. ივანიშვილის განცხადებაზე ასეთი დამოკიდებულება მაქვს -ოღონდ გამოიძიონ ეს საქმე და იყოს ეს პიარი.
_ თქვენ ამბობთ, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში საქმე მარტივად გაიხსნება. საქართველოს პრემიერი ზურაბ ჟვანია გამსახურდიაზე 12 წლით გვიან გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში, “ოცნებას” მისი გარდაცვალების გამოძიების ნება ჰქონდა, მაგრამ სიმართლე ისევ არ ვიცით.
_ საქართველოში ძალიან ბევრი გახმაურებული მკვლელობაა გამოუძიებელი. ჩემი სურვილია, რომ ყველა ეს საქმე გაიხსნას. ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება ამ თემებზე პოლიტიკურ სპეკულაციებს წერტილი.
მე ვრჩები ჩემს აზრზე, პოლიტიკური ნება თუ იქნება, ყველა გახმაურებული მკვლელობის გამოძიებაა შესაძლებელი.
_ რეიტინგდაცემული “ოცნების” ყოფილ მხარდამჭერებთან ერთად თქვენ გაერთიანდით “დაიცავი საქართველოში”, რომელსაც აქამდე მხოლოდ თქვენ იცავდით. საინტერესოა, როგორ აპირებთ “ოცნებაზე” განაწყენებულები საქართველოს დაცვას?
_ ძალიან კარგია, “დაიცავი საქართველო” რომ გააქტიურდა. ჩემი აზრით, ეს ცოტა ადრე უნდა მომხდარიყო. მაგრამ ხომ გაგიგიათ – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
ახლა ამ ორგანიზაციის გააქტიურება უბრალოდ აუცილებელი იყო. “ქართულმა ოცნებამ” ამოწურა თავისი რესურსი. ამ პარტიას ყავლი გაუვიდა. ბიძინა ივანიშვილის დაპირებების არავის აღარ სჯერა.
როდესაც “დაიცავი საქართველოს” გააქტიურებაზე დავით მაღრაძემ პირველი ინფორმაცია გააჟღერა, მოძრაობის წევრებზე შეტევები დაიწყო. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ჩვენ ამას არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.
ჩვენი პრიორიტეტი ასეთია -მოხდეს მოძრაობის გააქტიურება და დამთავრდეს ივანიშვილ-სააკაშვილის დაპირისპირებაში ჩარჩენილი საქართველო. ჩვენ ამ დაპირისპირებაში ჩარჩენილი სამშობლო არ გვჭირდება.
ჩვენ სამართლიანი, განვითარებული და ევროპული საქართველო გვჭირდება. ჩვენ ისეთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, რომელიც ევროკავშირში ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
_ ევროპული საქართველოს ხსენებისას ფრთხილად იყავით, გიგა ბოკერიას პარტიას ასე ჰქვია სწორედ. როცა ამბობთ, ევროპული საქართველო გვჭირდებაო, მათთან ალიანსიც არ დაგაბრალონ.
_ ისინი იყვნენ ფრთხილად, როცა ევროპულ ღირებულებებზე აპელირებენ. ჩვენ ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს ვიძახდით, რომ საქართველო არის ევროპული ღირებულებების მატარებელი და მან ცივილიზებული სამყაროსკენ უნდა იაროს.
საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება იყო ზვიად გამსახურდიას ოცნება. მას ამ ოცნების რეალიზების საშუალება რომ მისცემოდა, საქართველოში დღეს სულ სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი იქნებოდა.
_ ამბობთ, რომ საქართველო ივანიშვილ-სააკაშვილის დაპირისპირებაშია ჩარჩენილი. შეძლებთ იქიდან ქვეყნის ამოყვანას?
_ შევძლებთ თუ არა, ამას მომავალი გვაჩვენებს. საქართველოს დაცვის და ჭაობიდან ამოყვანის მცდელობა ნამდვილად გვექნება. უკვე დროა, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, განვითარება დაიწყოს. დაპირისპირებაში ჩარჩენის შემთხვევაში, საქართველო ვერ განვითარდება.
რაც შეეხება ჩვენს მოძრაობას, ყველა დიდი მოძრაობის დაწყება კომპრომისის გარეშე არის შეუძლებელი. ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოში უამრავი ადამიანი თუ პოლიტიკური ჯგუფი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ასე რომ, მარტო ბიძინას და მიშას დაპირისპირება არ არის ჩვენი პრობლემა. ამ შუღლსა და გაუტანლობაში როგორ მიდის ქვეყნის საქმეები, ძალიან კარგად ხედავთ.
თავი და თავი ჩვენი უბედურების და წარუმატებლობის ჯაჭვის დასაწყისი არის სახელმწიფო გადატრიალება. ქართველმა საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ რაც დღეს გვჭირს, ეს 1991-1992 წლების პუტჩიდან იღებს სათავეს. მინდა ყველამ გაითავისოს ისიც, რომ მაშინ საქართველოში არავითარი სამოქალაქო ომი არ ყოფილა.
_ აბა რა ჯანდაბა იყო ის, რაც იყო?
_ ეს იყო არა სამოქალაქო ომი, არამედ რუსეთის იმპერიის მიერ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც მიზნად ისახავდა ეროვნული ხელისუფლების დამხობას. მოვლენების ასეთი განვითარება, პირველ რიგში, მოსკოვის ინტერესებში შედიოდა. იმ ქართველებმა, ვინც დღეს პოლიტიკურ პროცესებში ვმონაწილეობთ, ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ.
_ ზემოთ თქვით, რომ კომპრომისები აუცილებელია. იმ ადამიანებთან კომპრომისი გქონდათ მხედველობაში, რომლებიც გადატრიალებაში ღებულობდნენ მონაწილეობას?
_ დამნაშავეებთან და მოღალატეებთან კომპრომისი დაუშვებელია. დამნაშავის ადგილი არის ციხეში. როცა კომპრომისზე ვსაუბრობდი, მხედველობაში დაპირისპირების დასრულება მქონდა. ეს საყოველთაო დაპირისპირება ქვეყანას ჭაობისკენ მიაქანებს და განვითარების პერსპექტივებს უკლავს.
კიდევ გავიმეორებ, რომ დღეს საქართველო ივანიშვილ-სააკაშვილის დაპირისპირებაშია ჩარჩენილი. ქვეყნის ინტერესები და მომავალი ამ ორი კაცის დავას არ უნდა შეეწიროს, არადა, ეწირება.
დროა, საქართველომ ეს ფურცელი გადაშალოს და ახალი ცხოვრება დაიწყოს. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული ტიპის სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა იქნება. ჩვენ არც კი უნდა დავუშვათ, რომ ოდესმე რუსულ ორბიტაზე აღმოვჩნდეთ. ეს თუ ასე მოხდა, არანაირი განვითარება არ გვიწერია. რუსეთი არც არასდროს ყოფილა ჩვენი ნავსაყუდელი. ჩვენი ადგილი ნატოსა და ევროპაშია.
_ “დაიცავი საქართველოს” გააქტიურებას ბევრი ჭორი მოჰყვა. ნაციონალები თვლიან, რომ თქვენ უკან ივანიშვილი დგას. ერთმა ახალგაზრდა ნაციონალმა თქვენს მოძრაობას “დაიცავი ბიძინა” დაარქვა.
_ ნაციონალები რას იტყვიან და რას დაგვაბრალებენ, ეს სრულებითაც არ მაინტერესებს. რაც შეეხება ივანიშვილს, თუ ის გონს მოეგება, შეიძლება “დაიცავი საქართველოში” გავაწევრიანოთ კიდევაც.
_ მიშა თუ მოეგო გონს, იმასაც გააწევრიანებთ?
_ ეგ გამორიცხულია. ივანიშვილს აქვს ამის შანსი, ოღონდ ამისთვის გონს უნდა მოეგოს. ხომ არავის ავიწყდება, რომ ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს დაეტაკა.
მე სრულად ვეთანხმები დათო მაღრაძეს იმაში, რომ ივანიშვილი ამ ბრძოლაში შეიძლება შემოგვიერთდეს. თუ ის გამოსწორდება, მას ჩვენს ორგანიზაციაში მივიღებთ, ოღონდ, როგორც რიგით წევრს.
_ “ოცნება” ალბათ თავს მოიკლავს და ივანიშვილს არ დათმობს.
_ ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს “ოცნებას” ივანიშვილი და ივანიშვილს “ოცნება”.
ასე რომ, ჩვენ არ გვაინტერესებს, რას დაგვაბრალებენ ბოტები, ვალინკები, კალოშები და რუსული ჩექმები. ჩვენ ჩვენი გზა უკვე არჩეული გვაქვს _ საქართველო მიშასგან და ბიძინასგან უნდა დავიცვათ. ესაა ჩემი პასუხი.

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი “ახალი თაობა”

 

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატია„წაიკითხავთ ჩემს მემუარებში“ – რას მალავს და რის პირობას აძლევს შალვა ნათელაშვილი ელისო კილაძეს