კახა კალაძე: პირველ ეტაპზე, ჩვენს დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მოხუცები, რომლებიც მერიის ცხელ ხაზზე უნდა დარეგისტრირდნენ – 2 72 22 22

დედაქალაქის მერია სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, პრევენციული ღონისძიებების გატარებას და ყველა იმ რეკომენდაციის შესრულებას განაგრძობს, რომელიც დარგის სპეციალისტებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის მოცემული.

მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ყველამ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან – მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან. ყველაზე მთავარი – დარჩით სახლში, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, არ გამოხვიდეთ ქალაქში.

დღეს ჩემ გვერდით არიან გოგონები (სულ ოთხი არიან), რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ამ ახალგაზრდებმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შექმნეს საინიციატივო ჯგუფი, შესაბამისი პლატფორმა – „დავეხმაროთ მოხუცებს“ და ბოლო დღეების განმავლობაში საოცარი აქტიურობა იყო. მათ შეძლეს, გარკვეული რაოდენობის თანხის მოძიება და 600-მდე ოჯახს, გაჭირვებულებს დავეხმარეთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ ახალგაზრდებს. ნამდვილად მეამაყება, რომ ასეთი ახალგაზრდები და მომავალი თაობა გვყავს. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი ჰუმანური და როგორი სოლიდარულია ჩვენი საზოგადოება.

ამიერიდან, უმნიშვნელოვანესია, რომ ის რესურსი, რომელიც ბიზნესში და მოსახლეობაში არსებობს, სწორად გამოვიყენოთ. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან გააქტიურებულია ბიზნესი, კერძო სექტორი. ბევრი გვიკავშირდება, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი მხრიდან ჩართულობა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობით და ჩართულობით, რადგან ვართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში და გვმართებს სიფრთხილე – მიმართეთ მხოლოდ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზს, სადაც სრულყოფილ ინფორმაციას მოგაწვდიან, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ.

ასეთ რთულ პერიოდში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ზრუნვას და ყურადღებას საჭიროებენ. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, მაქსიმალური ზრუნვა გამოვიჩინოთ ხანდაზმულ მოქალაქეებზე, რომლებიც ვირუსის გავრცელების კუთხით, მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის ფორმდება მემორანდუმი. ბოლო დღეების განმავლობაში, იმატა მოხალისეთა რაოდენობამ, შესაბამისად, აუციელებელია მათი გადამზადება, რომ ამ პროცესებში მოხალისეთა ჩართულობის თვალსაზრისით, უსაფრთხოდ ვიყოთ. პირველ რიგში, ამ ადამიანებმა არ უნდა დააზიანონ სხვა მოქალაქეები. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მოხალისეების ჯანმრთელობაზე, რომ სწორად განხორციელდეს დახმარების პროცესი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გადავამზადებთ მოხალისეთა ჯგუფს, რადგან ბევრს აქვს სურვილი, ამ ღონისძიებებში ჩაერთოს.

პირველ ეტაპზე, შემუშავდება ამანათების ფორმა, რომელიც საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებსა და მედიკამენტებს მოიცავს. მარტოხელა ხანდაზმული მოქალაქეები მოხალისეების საშუალებით, ამანათებს მიიღებენ, რათა მათ სახლიდან გასვლა არ მოუწიოთ. თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება ორი მიმართულებით – ერთი ეს იყო უფასო სასადილოები, მინდა, გამგეობის ყველა თანამშრომელს და ყველა იმ მოხალისეს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართულია ამ ღონისძიებებში. ეს პროგრამა საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. მეორე ეს არის საბავშვო ბაღები. მე პირადად ვიმყოფებოდი გუშინ ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, სადაც მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, ის რაციონი, რაც თავიანთ შვილებს ბაღში უნდა მიეღოთ, სახლში წაიღონ.

რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ამანათები წესების სრული დაცვით იქნება დაფასოებული. ასევე, შემუშავდება მედიკამენტების სტანდარტული პაკეტი და ყველას, იქნება ეს ბიზნესის წარმომადგენლები თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვისაც ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეების დახმარების სურვილი ექნებათ, სწორედ მსგავსი პაკეტებით უნდა დაგვეხმარონ.

პირველ ეტაპზე, ჩვენს დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მოხუცები, რომლებიც მერიის ცხელ ხაზზე უნდა დარეგისტრირდნენ – 2 72 22 22. გარდა ამისა, მუშაობს თბილისის ათივე რაიონის გამგეობა. უკვე გვყავს 2 500-მდე ხანდაზმული მოქალაქე, რომლებიც ჩვენს დახმარებას მიიღებენ. რაც მთავარია, მოხალისეები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებენ, იქნებიან დაცული და შესაბამისად აღჭურვილი. წითელი ჯვრის დახმარებით, მოხდება მათი გადამზადება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ.

ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, საჭიროებს პროექტის სწორად რეალიზებას. ჩვენი ყველა ქმედება უნდა იყოს კვალიფიციური და ეს რესურსი სწორად, რაციონალურად გამოვიყენოთ, რათა ხანდაზმულებს სახლიდან გამოსვლა არ მოუწიოთ.

მართალია დღეს ყველას რთული დღეები გვაქვს, მთელი მსოფლიო ცხოვრობს სტრესის ქვეშ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი მაგალითით, თავიანთი ქმედებით იმედით და სიყვარულით გვივსებენ გარემოს. მას შემდეგ, რაც მოხალისეებისა და დახმარების მსურველთა რეგისტრაცია დავიწყეთ, არაერთი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ძირითადად გვირეკავენ არა დახმარების მიღების სურვილით, არამედ პირიქით, გვთავაზობენ დავეხმაროთ ადამიანებს, ვისაც უჭირს.

ყველაფერი იქნება კარგად – ამის თქმის უფლებას მაძლევს ყველა ის ადამიანი, რომელიც საკუთარ ინტერესზე წინ აყენებს სხვათა პრობლემების გადაჭრას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიხობში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა
შემდეგი სტატია“ჯორჯიან ეარვეისი” მზად არის, ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები