კახა კახიშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

news
ავტ.: news მარტი 3, 2017 17:08

კახა კახიშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიონ იაგლანდს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ტორბიონ იაგლანდს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის დემოკრატიზაციისა და განვითარების პროცესში ევროპული ინსტიტუტების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. კახა კახიშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსადმი ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა და სიახლე დაინერგა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის რეფორმის მიმდინარეობაზე.

მისი თქმით, განხორციელდა მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილება და ეს პროცესი კვლავ მიმდინარეობს, ასევე, სისტემის განვითარების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ხდება ნორმატიული აქტების გამოცემა, რათა შემოღებული ყველა სიახლე და რეგულაცია საკანონმდებლო დონეზე იყოს განმტკიცებული.

კახა კახიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთლიანად აღმოფხვრილია არასათანადო მოპყრობა, როგორც სისტემური დანაშაული; თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დაიყო ოთხ ტიპად და დაინერგა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის სისტემა, ასევე, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვა, რაც ერთი მხრივ, ხელს უწყობს კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლას, ხოლო მეორეს მხრივ, სისტემას საშუალებას აძლევს მსჯავრდებულებს უშაულოდ მათ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო პროგრამები შესთავაზოს; პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების განვითარებისა და სხვა ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა პატიმართა რაოდენობა. სამომავლოდ, დაგეგმილია ალტერნატიული სასჯელების გაფართოება და შინაპატიმრობის შემოღება სრულწლოვანი, ნაკლებადმძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირებისთვისაც, ამჟამად, შინაპატიმრობა მხოლოდ არასრულწლოვნებისთვის მოქმედებს.

ამასთან, კახა კახიშვილმა ტორბონ იაგლანდს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და დასაქმების პროგრამები გააცნო. ასევე, იმ სიახლეებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის შემოღებაც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ახლო მომავალში იგეგმება, მათ შორისაა მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების მინიჭება, პენიტენციურ სისტემაში ახალი – გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა და სხვა. მინისტრის თქმით, რეფორმა გაგრძელდება და ეს პროცესი, როგორც მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობისა და სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, ასევე, მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვას მოიცავს. მათ შორის, აღსანიშნავია მცირე კონტიგენტზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულებების ჩამოყალიბება, რისკების მიხედვით მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია და სხვა. გარდა ამისა, გაგრძელდება პენიტენციური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც. რეფორმის პროცესში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის შედეგად ყველა მსჯავრდებულისთვის უზრუნველყოფილია სასჯელის მოხდის სათანადო პირობები, თუმცა, უფრო მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა, მათ შორის ალტერნატიული სასჯელების შემოღება და სხვა მიმართულებები. ასევე, დაინტერესდა პენიტენციური ჯანდაცვის და სისტემაში ფსიქიატრიული სერვისების კუთხით არსებული ვითარებით. კახა კახიშვილმა ტორნიონ იაგლანდს აღნიშნულთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ პირველი და მეორე ფაზის ფარგლებში, პენიტენციურ სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებისა და პენიტენციური ჯანდაცვის გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობენ. მინისტრის თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში, მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის: შემუშავდა და დამტკიცდა სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სტანდარტი, მიღებული იქნა პატიმართა სხეულზე დაზიანებათა აღრიცხვის ახალი წესი „სტამბოლის პროტოკოლის“ გათვალისწინებით; პრიორიტეტად განისაზღვრა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და ფსიქიატრიული სერვისების განვითარება; სასჯელაღსრულების დაწესებულებების 200-მდე თანამშრომელი გადამზადდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმართა მართვის საკითხებზე; გარდა ამისა, წარმატებით მიმდინარეობს C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა უახლესი მედიკამენტებით, ასევე, სუიციდის პრევენციის პროგრამა და სხვა.

ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირთადი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესია ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერა, ევროპული ქვეყნების საუკეთსო პრაქტიკის გაცნობა და ევროპული ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გათვალისწინება. საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზების მიზნით, სამინისტრო ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.

news
ავტ.: news მარტი 3, 2017 17:08