იუსტიციის სამინისტრო ე.წ. მობილური იუსტიციის სახლების ამოქმედებას გეგმავს

რეგიონებში, სადაც იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი არ არის, ე.წ. მობილური იუსტიციის სახლი ივლის. იუსტიციის სამინისტრო ისეთი მიკროავტობუსების შეძენას გეგმავს, რომლებიც სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება და მოსახლეობას საჭირო მომსახურებას ადგილზე გაუწევს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ POSTV-ს ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი სიახლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მომსახურების კომფორტულად მიღებას უკავშირდება.

„გვსურს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები, რათა თავისუფლად მივიდნენ იუსტიციის სახლებში. ჩვენ ვგეგმავთ სპეციალურად აღჭურვილი მანქანების შეძენას. ეს შშმ პირებს ხელს შეუწყობს, მაქსიმალურად ფართოდ ისარგებლონ ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისებით“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლი გარდაბანსა და წყალტუბოში გაიხსნება. იგეგმება რეგიონებში დამატებით კიდევ სამი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაც. იუსტიციის მინისტრის თქმით, მისი მიზანია, მოსახლეობის ფართო ნაწილმა ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომელთაც საზოგადოებას იუსტიციის სახლი სთავაზობს.

მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგოლეთიანი – მივდივართ თბილისიდან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ და თუ საჭირო გახდება, აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას
შემდეგი სტატიაგვრიტიშვილი მოსამართლეებზე – სიმბოლურია, რომ მათი არჩევა მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობლობის დღეს