გოლეთიანი – მივდივართ თბილისიდან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ და თუ საჭირო გახდება, აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, პროტესტის მონაწილეები თბილისიდან რიონის ხეობაში ბრუნდებიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, აქცია დედაქალაქში აღარ გაიმართება.

ვარლამ გოლეთიანის შეფასებით, შედეგი მიღწეულია, დედაქალაქის მოსახლეობამ შეიტყო აქციის მონაწილეების სამართლიანი, არგუმენტირებული პროტესტის შესახებ, ახლა კი გადასადგმელია ქმედითი ნაბიჯები, რაც „ბრძოლის წინა ხაზზე წასვლასა და მორალურ ომში ჩაბმას უკავშირდება“.

გოლეთიანის თქმით, ყველა საკითხი, რომელიც საზოგადოების დღის წესრიგში დგას, ხალხის ერთობით უნდა გადაიჭრას.

„ჩვენ მივაღწიეთ უდიდეს შედეგს, ამას დღევანდელი დღეც მოწმობს. ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ აღარ ჩამოვალთ და თუ საჭირო გახდება, აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას. უბრალოდ, ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი იყო, საზოგადოებისთვის, დედაქალაქის მოსახლეობისთვის, სადაც პრაქტიკულად თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, კიდევ ერთხელ მიგვეწვდინა ხმა, მათ შორის ის პიკეტირებები, უფრო სწორად, გზის გადაკეტვა, რომელიც რამდენჯერმე მოვაწყვეთ, იყო აბსოლუტურად სიმბოლური შინაარსის. უბრალოდ შეჩერდა მოძრაობა დედაქალაქში, მოხდა პარალიზება და ამით დავაფიქრეთ ადამიანები, თითოეული ჩვენგანი რა რუტინაშიც ვართ ჩაბმული, დავფიქრდეთ, შევჩერდეთ და გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბრძოლა, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ვმონაწილეობთ. ამიტომ, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც შეიძლება, არ იცის ამ ყველაფრის შესახებ, ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული, რამდენად დიდია მისი პირადი როლი და მონაწილეობა ამ ბრძოლაში, ჩვენ მოვუწოდეთ და მოვუწოდებთ ამის შემდეგაც, რომ უნდა მოხდეს ჩვენი კიდევ უფრო დიდი გაერთიანება, რათა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დგას საზოგადოების დღის წესრიგში, ჩვენი ერთობით გადაიჭრას და არ მოხდეს ამ პროცესების მართვა იმ გარე, თუ შიდა ძალებისგან, რომლებიც მთელი ამ დღეების განმავლობაში ცდილობენ ჩვენს გამარგინალებას და გაშავებას. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ შედეგი მიღწეულია, დედაქალაქმა გაიგო ჩვენი სამართლიანი და არგუმენტირებული პროტესტის შესახებ, მხარდაჭერაც სახეზეა. ახლა მთავარია, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯი, რაც უკავშირდება ბრძოლის წინა ხაზზე წასვლასა და მორალურ ომში ჩაბმას.

მინდა, ხაზგასმით ვთქვა, ჩვენ არასდროს არ უნდა აღვმართოთ ჩვენს თანამოქალაქეზე ხელი, ეს არის ჩვენი პრინციპი და ამაზე დაფუძნდა ეს მოძრაობა. არასდროს აღარ უნდა მოხდეს დაპირისპირება თანამოქალაქეებს შორის, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პოზიციაზე დგას, წარმოადგენს სამართალდამცავ მხარეს, თუ უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქეს, მთავარია, ჩვენ თუ ვართ მორალურად მართლები, თუ ჩვენ მხარეზეა ჭეშმარიტება და ვართ სიმართლის მატარებელი ნაწილი საზოგადოების, იმ მეორე ნაწილმა, ვინც ეს ჯერ ვერ გააცნობიერა, უნდა იგრძნოს მორალური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ დათმოს უმრავლესობის მიმართ საკუთარი პოზიცია და გადმოვიდეს იქ, სადაც არის ჭეშმარიტება და სიმართლე…

ჩვენ გაცილებით მარტივად შეგვეძლო, გადაგვეჭრა იქ პრობლემა, თუნდაც მაგალითად, დესტრუქციის მიმართულებით თუ წავიდოდით, არის ამის შესაძლებლობა, ბუნებრივია, ადამიანები ვართ ემოციურები, განსაკუთრებით ქართველები და არ არის ძნელი, ამ მხრივ ვეცადოთ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ წავედით უფრო რთული გზით, რომელიც გაცილებით დიდ და სისტემურ პრობლემას მოგვაგვარებინებს, ვიდრე არის კონკრეტულად „ნამახვანჰესის“ პრობლემა. ამიტომ უნდა გავშალოთ ჩვენი ბრძოლის ბადე და დავინახოთ კონკრეტულად ამ პრობლენის უკან გაცილებით დიდი და სისტემური პრობლემა, რომელიც არაერთი მიმართულებით იშლება და ამ ნიმართულებებში დარღვეულია ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესი, ამას სჭირდება თითოეული ჩვენგანის მეტი ჩართულობა, ჩვენი ერთად ყოფნა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 მოსამართლე წევრი აირჩია
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტრო ე.წ. მობილური იუსტიციის სახლების ამოქმედებას გეგმავს