იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 9 ვაკანსია გამოაცხადა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 9 ვაკანსია გამოაცხადა. თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა 9 ოქტომბრიდან იწყება. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შვიდ ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

საბჭოს განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ცხრა ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით 29 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების მიზეზი პარლამენტის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები გახდა.

პარლამენტმა ბოლო, 30 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები – შეიცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი.

5 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესმდივანმა გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტის მიერ 30 სექტემბერს მიღებული კანონი უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის პროცედურაზე “ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა”, ხელისუფლებას ხალხის მეტი ნდობა მოეპოვებინა მართლმსაჯულების მიმართ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება მოსამართლეების შერჩევის პროცედურაში არსებული ხარვეზების გამო:

“სამწუხაროა, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებული გადაუდებელი მოსაზრების გამოქვეყნებას, რომელიც მან თავად მოითხოვა და რაც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ეს არის საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ მეტი ნდობის შექმნის დაკარგული შესაძლებლობა”.

კანონპროექტს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აკრიტიკებენ.

banner
წინა სტატიაშიგანცხადება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის შეფერხების მცდელობასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაელისაშვილი დავით-გარეჯზე: არის რაღაცები, რაც წინასაარჩევნოდ არ უნდა გააკეთო, ეს ერთერთია