იტალიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

საქართველოსა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა. პაოლო ჯენტილონიმ და მიხეილ ჯანელიძემ ერთობლივი პრესკონფერენეციაც გამართეს. მათ ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით და ნატოში წევრობისკენ მიმავალ გზაზე, იმ დახმარების მნიშვნელობაზე, რომელსაც უწევს იტალია ჩვენს ქვეყანას. ვისაუბრეთ კონფლიქტზე საქართველოსა და რუსეთს შორის, მდგომარეობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით აქვს და რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 6-7 ნოემბერს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლა თემაზე – „იტალია-საქართველოს ურთიერთობები და ევროპის მომავალი“.ვიზიტის ფარგლებში პაოლო ჯენტილონი ასევე ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა საქართველოს რეფორმებს სახელმწიფო სერვისების სფეროში. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისას ხელი მოეწერება განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს.

2008 წლის შემდეგ, ეს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია.

banner
წინა სტატიაშიზვარეში მუშების პროტესტი გრძელდება
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : თუ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხდა კურსის დაბალანსება, ეს გარკვეულ გავლენას მოახდენს ფასებზეც