ირმა ინაშვილი: ვნახოთ, სადამდე მივა დიალოგის პროცესი, კარგი იქნება, რომ შევთანხმდეთ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები

region
ავტ.: region ნოემბერი 14, 2020 13:18

ირმა ინაშვილი: ვნახოთ, სადამდე მივა დიალოგის პროცესი, კარგი იქნება, რომ შევთანხმდეთ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები

ვნახოთ, სადამდე მივა დიალოგის პროცესი, კარგი იქნება, რომ შევთანხმდეთ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მეორე შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ინაშვილი აცხადებს, რომ დეტალებზე არ ისაუბრებს, რადგან მიდის პროცესი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ მნიშვნელოვანია დიალოგის პროცესი. ვნახოთ, სადამდე მივა ეს პროცესი. კარგი იქნება, რომ შევთანხმდეთ და დაინიშნოს ახალი, ხელახალი არჩევნები. ეს არის ჩვენი პარტიის პოზიცია. ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, არ მიმაჩნია, რომ ეს კორექტულია.

ზოგადად ტელეეთერებიდან ჩვენ მოვისმინეთ ინიციატივა გადათვლასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ლიდერი საუბრობდა ამაზე სატელევიზიო გამოსვლებისას. ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ გადათვლის სისტემას მხარს არ უჭერს, რადგანაც უკვე შეასწორეს, რაც შესასწორებელი ჰქონდათ. ბეჭედი „ქართული ოცნების“ ხელში იყო და შესაბამისად, ახლა უხეშად გასწორებული ოქმების ხელახლა გადათვლა არ მიმაჩნია, რომ სწორია და არ მიმაჩნია, რომ ამაში გამოსავალია. ერთადერთი გამოსავალია, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხელახალი, ახალი არჩევნები ჩატარდეს“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

ამასთან, ინაშვილმა ჟურნალისტებთან არ გააკეთა კომენტარი დიპლომატების პოზიციასთან დაკავშირებით ამ პროცესში. მისი თქმით, ისინი მოდერაციას უწევენ შეხვედრას.

ამასთან, ინაშვილმა ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით და უპასუხა შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა მისი შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

„არ ვიცი, მე არა მაქვს ინფორმაცია, ოპოზიცია ჩაერთვება თუ არა. ჩვენ გვაქვს მუდმივად, როგორც პოლიტიკურ საპარლამენტო პარტიას, კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იქნებიან ეს კონგრესმენები, სენატორები თუ ევროდეპუტატები და არ შეგვიწყვეტია ეს კავშირი და კომუნიკაცია. ახლა ამ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ცხადია, მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს ევროპულ და ამერიკელ კოლეგებთან. იციან მათ, რაც ხდება საქართველოში“, – განაცხადა ინაშვილმა.

region
ავტ.: region ნოემბერი 14, 2020 13:18