დავით ბაქრაძე: გამორიცხულია, ქვეყნის ასეთი კრიზისიდან გამოყვანა შეძლოს ხელისუფლებამ, რომელიც მოსახლეობის ნახევრის თვალში არალეგიტიმურია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, გამორიცხულია ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს ისეთმა ხელისუფლებამ, „რომელიც მოსახლეობის ნახევრის თვალში არალეგიტიმურია“.

როგორც ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, კრიზისს სჭირდება ძლიერი და ლეგიტიმური ხელისუფლება. მისივე შეფასებით, ხელახალი არჩევნები ვითარების განმუხტვის ერთადერთი გზააა.

„იმედი მაქვს, მმართველი გუნდი გაიაზრებს იმ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც აქვს ამ ქვეყნის წინაშე. საქართველო დგას უმძიმესი გამოწვევების წინაშე, უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა, უმძიმესი პენდემიური ვითარებაა, ძალიან დაძაბული საერთაშორისო მდგომარეობაა და გამორიცხულია ასეთი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა შეძლოს ხელისუფლებამ, რომელიც მოსახლეობის ნახევრის თვალში არის არალეგიტიმური. კრიზისებს სჭირდება ძლიერი და ლეგიტიმური ხელისუფლება, კრიზისებს სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია და კრიზისებს სჭირდება საზოგადოების აღქმა, რომ ქვეყანაში ჩატარდა სამართლიანი არჩევნები. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ახალ არჩევნებზე, რომელმაც უნდა შეკრას საზოგადოება, გააჩინოს კონსოლიდაციის განცდა და ქვეყანაში თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შეგრძნება, რომ ქვეყანას მართავს მისი არჩეული ხელისუფლება. მომწონს თუ არ მომწონს, სულ ერთია, მაგრამ უნდა ვიცოდე, რომ ქვეყანას მართავს სამართლიანად არჩეული ხელისუფლება, რომელსაც აქვს მანდატი გადაწყვიტოს პრობლემები და გამოიყვანოს საქართველო კრიზისიდან. ახალი არჩევნები არის გზა ვითარების განმუხტვის და საქართველოს წინსვლის. სხვა შემთხვევაში, ამ ქვეყანაში ვერ იქნება სტაბილურობა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ვნახოთ, სადამდე მივა დიალოგის პროცესი, კარგი იქნება, რომ შევთანხმდეთ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები
შემდეგი სტატიაზურა ჯაფარიძე სააკაშვილზე – არაერთხელ გვაქვს განცხადებები მოსმენილი – „ახლა ჩამოვალ“, „ახლა ჩამოვალ“, თუ უნდა ჩამოვიდეს, მე რაში უნდა მჭირდებოდეს?