ირინა სარიშვილი:ჩვენს წინ და უკან საქართველოა! ფრთხილად!

sarishvili_10მ წუთებში ვრცელდება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა განცხადებები იმასთან დაკავშირებით რომ სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება აღარ მიიღოს მეორე ტურში მონაწილეობა სამწუხაროა, არასწორია და ზიანს მოუტანს 30 ოქტომბერს დანიშნული მეორე ტურის შედეგებს.
ამ ეტაპზე მე როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველს მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს მათთან, რომლებიც შესაძლოა გულზე არ მეხატებოდეს მაგრამ რომლებსაც ამ ქვეყნის სიყვარულის გამო მივეცი ხმა:
რუსეთი ივანიშვილის საშუალებით ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაშალოს მიხეილ სააკაშვილის მარგინალიზაციის გზით. ხოლო ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს რომ მიხეილ სააკაშვილის მარგინალიზაცია სწორედ მისი თანაგუნდელების ხელით მოახდინოს!
სანდრას პოზიციის (ჩემი აზრით სრულიად მართებულის, მაგრამ ეხლა ამას არა აქვს მნიშვნელობა) ასეთი სახით გაკრიტიკება სხვა არაფერია თუ არა ახლო მომავალში მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება იმ მარცხში, რომელიც სინამდვილეში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” არა რეალურად წაგების, არამედ ამ “წაგების” გაპრავებით შეიძლება გამოიწვიოს!
მე მივმართავ მათ, ვისაც ხმა მივეცი როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დასაყრდენს:
თქვენ თვალწინ გაქვთ უახლოეს წარსულში თქვენი ყოფილი თანაგუნდელების მაგალითი, როცა მათ არჩევნების წინ დაარღვიეს ერთიანობა, თუმცა შესაძლოა ნაციონალების კონკრეტულ ჯგუფთან დავაში ცამდე მართლები იყვნენ! დაარღვიეს ეს ერთიანობა და რაც მიიღეს ყველამ ნახეთ!
მერწმუნეთ – ნებისმიერი თქვენგანი, ვინც დღეს შეეცდება საკუთარი მოსაზრებების გამო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ბზარი შეიტანოს და ამით ნებით თუ უნებლიედ ივანიშვილს დაეხმაროს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მარგინალიზაციაში, ძალიან მალე აღმოჩნდება პოლიტიკურად განადგურებული და პოლიტიკადან რევერანსებით წასული პოლიტიკოსების გვერდით!
აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა, მით უფრო სანდრას სრულიად გასაგები პოზიციის ლამის არჩევნებში წაგების მიზეზად გამოცხადება იმ გეგმის ღალატია, რომელმაც ეს ქვეყანა ამ ჭაობიდან უნდა ამოიყვანოს და რომელი გეგმის გამოც მეც და ძალიან ბევრმა ჩემთან ერთად თქვენ – ჩემს გუშინდელ მოწინააღმდეგეებს მოგეცით ხმა!
ჩვენს წინ და უკან საქართველოა! ფრთხილად!
P.S. 30 ოქტომბრამდე მაქსიმალურად ვიკავებ თავს ჩემი როგორც ამ პარტიის ამომრჩევლის პოზიციის მკვეთრად ჩამოყალიბებისგან არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესების გარშემო და მხოლოდ ერთი – ყველასათვის მისაღები განცხადებით ვიფარგლები: მერე რა რომ აზრი გაიყო, მერე რა რომ ვიღაც პარლამენტში შესვლის მომხრეა და ვიღაც არა, მერე რა რომ ვიღაცამ მიხეილ სააკაშვილის გამო მისცა ხმა ნაციონალებს და ვიღაცამ არა… არც იმას ვითვლი ვინ მეტია და ვინ ნაკლები, უბრალოდ ვამბობ რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, დავრჩეთ ერთად და ვიმოქმედოთ ერთმანეთთან შეთანხმებით და არა ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, რადგან არც 27 პროცენტი, არც მარნეულში წარმატება და არც მეორე ტური, როგორც არ უნდა დასრულდეს ის, არ ნიშნავს ამ ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას!
მთავარი ბრძოლა წინაა და ეს ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ იმისგან დამოუკიდებლად ვინ რომელ ტაქტიკურ სვლას ვუჭერთ მხარს!

ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაშიWikileaks-ის დირექტორი გევინ მაკფადიონი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაერდოღანმა ,,რიზე-ბათუმთან,, დაკავშირებით პირველი განმარტება გააკეთა