ირაკლი კობახიძე : “ნაციონალური მოძრაობა” რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა

ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, უკვე მოჰყვა შეფასებები სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან. ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ოპოზიციურ პარტიაში გაუჭირდათ რადგან იციან, რომ მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებენ.

„რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობა. მათ ძალიან მაღლა აწიეს თამასა, ისინი საუბრობდნენ არჩევნების მოგებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცოდნენ, რომ ამის არანაირი შანსი არ ჰქონდათ. ამან გამოიწვია იმედგაცრუება და ამ იმედგაცრუების მსხვერპლი არიან ახლა ისინი. მათ ზუსტად იციან, რომ ვერ მოიგებენ ვერც ერთ მეორე ტურს ამ არჩევნებში და ამის გამო ძალიან გაუჭირდათ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი ამოცანაა ყველა მეორე ტურის მოგება,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და მიაჩნიათ, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ორგანოში განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკური პარტიებიც იყოს.

ნაციონალურ მოძრაობას გადაწყვეტილებას უწუნებენ ლეიბორისტები. რესპუბლიკურ პარტიაში კი ამბობენ, რომ მათ მიღებული გადაწყვეტილების მოლოდინი ჰქონდათ.

„ეჭვიც არ მეპარებოდა იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევიდოდა, როგორც კი გამოქვეყნდა სია, მე ვეძახდი მას ბოკერიას სიას. ეს ხალხი საპარლამენტო ცხოვრებისთვის ემზადებოდა და არა ქუჩის აქციებისთვის. არ ივარგებს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ სამი მეოთხედი პოსტსაბჭოთა ძალიან ჭრელი კონგლომერატის ხელში. ივანიშვილის ხელისუფლების ხელში ეს სახიფათოა,“-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილმა გორში შსს-ს სახანძრო-სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა
შემდეგი სტატიასხვადასხვა რეგიონში კიდევ 21 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა