ირაკლი ხმალაძე – ჩვენთვის მთავარია მივიღოთ არა სწრაფი, არამედ სწორი გადაწყვეტილება

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ის განხილვის ეტაპზეა.

ვიცე-მერმა სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით არსებული გარემოებები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, თუმცა, პროექტირების ეტაპი პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, ჯერ არ დაწყებულა.

ირაკლი ხმალაძის თქმით, დედაქალაქის მერია პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას განხილვის შედეგად, ახლო მომავალში მიიღებს.

„მიწისზედა მეტროს პროექტთან დაკავშირებით, ჯერ უარი არავის უთქვამს. აღნიშნული პროექტი შედგებოდა სამი ეტაპისგან. პირველი იყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ამ კვლევიდან გამომდინარე, რომელიც სამ ვარიანტზე მზადდებოდა, უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და შემდეგში, თუ რომელი ვერსია უნდა განეხორციელებინა საპროექტო კომპანიას. ამის შემდეგ, გადავიდოდით სამშენებლო ეტაპზე. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება წარმოდგენილია, ხოლო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, უნდა განხორციელდეს თუ არა ეს პროექტი, ჯერ მიღებული არ გვაქვს. პანდემიიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გართულებულია მდგომარეობა. ერთი მხრივ, სახსრების მობილიზებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო, მეორე – პანდემიამ სატრანსპორტო სისტემის ფუნქციონირებაზე დიდი გავლენა იქონია. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა. განხილვის დასრულებამდე კი რთულია იმის თქმა, რომელ ვერსიას გავყვებით და საერთოდ, უნდა განხორციელდეს თუ არა ეს პროექტი, რადგან საკმაოდ ძვირადღირებული ინფრასტრუქტურაა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერმა პროექტის ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 12 მილიონი ლარი არა კვლევის, არამედ პროექტირების მთლიანი ხარჯია.

„12 მილიონი ლარი კვლევაში არ გადაგვიხდია. 12 მილიონი იყო პროექტირების ხარჯი, რომელზეც ჯერ არ გადავსულვართ. პროექტირებაზე გადავალთ მას შემდეგ, რაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგად დავადგენთ, რომ გვჭირდება პროექტი და შემდეგ, მშენებლობა. არავინ იძლევა იმის პირობას, რომ კვლევის საფუძველზე, უარყოფითი ან დადებითი გადაწყვეტილება მიიღება. ჩვენ სწორედ ამ კვლევის საფუძველზე განვიხილავთ და თუ ვიტყვით, რომ პროექტის განხორციელება გვინდა, მაშინ მოგვიწევს 12 მილიონი ლარის და შემდეგში უკვე რამდენიმე ასეული მილიონი ლარის გადახდა ინფრასტრუქტურის მოწყობაში. მთლიანად, პროექტის ღირებულებამ შეიძლება 300-400 მილიონი ლარი შეადგინოს, რადგან საუბარი იყო 150 მილიონ აშშ დოლარზე. 2020 პანდემიის წელი იყო და 2021 წელი ჯერ კიდევ პანდემიის წელია. განახევრებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, როდის მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის მთავარია მივიღოთ არა სწრაფი, არამედ სწორი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის ვიცე-მერი ზონალური პარკირების საფასურსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, პარკირების საფასურის ზრდა არ იგეგმება.

„ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალის გაფართოება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით განცხადებები ხვალინდელი მთავრობის სხდომაზე გაკეთდება, სადაც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება ფასებს, დღეს ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გაზრდა გეგმაში არ გავქვს“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიპეტრას ავსტრევიჩუსი – ღარიბაშვილს დროის ლიმიტი აქვს და ევროპარლამენტარები რეალურ გეგმას ელოდებიან
შემდეგი სტატიაპროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურ სასჯელს ითხოვს